ტექდათვალიერება მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში არ არსებობს

ყველაზე დაბალი ტარიფი ბელორუსიაშია, ყველაზე ძვირი -აზერბაიჯანში.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, რუსეთი - ყველა ამ ქვეყანაში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო და უკრაინაა, ორივე ქვეყანაში ტექდათვალიერება წლების წინ გაუქმდა, თუმცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთანაც და უკრაინაშიც ტექდათვალიერება უკვე სავალდებულო გახდება. საქართველოში ეს პროცესი - 2015 წლიდან, უკრაინაში კი 2016 წლიდან დაიწყება.

ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერება როგორც ევროპის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და ყველგან ერთწლიანია. მაგალითად, მეზობელ სომხეთში ავტომანქანების ტექდათვალიერება ყველა ავტომფლობელებისთვის სავალდებულოა. ტექდათვალიერების ღირებულება კი 8 ათასი დრამიდან, დაახლოებით, 34 ლარიდან იწყება. თუ ავტომანქანას ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს, მისი მფლობელი აუცილებლად დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი 170 ლარია.

სავალდებულო ტექდათვალიერება მოქმედებს მეზობელ აზერბაიჯანშიც. ტექდათვალიერების საფასური 20 მანეთიდან (დაახლოებით 45 ლარი) იწყება და იმის მიხედვით იზრდება, თუ რა სიმძლავრის ძრავი აქვს მანქანას.

მაგალითად, თუ ძრავი 2-3 ათასი კბ/სმ-ია, მძღოლს მისი ტექდათვალიერება 20 მანათს დამატებული 2 გეპიკი უჯდება თითოეულ კბ/სმ-ზე. თუ ძრავის მოცულობა 3-დან 4 ათას კბ/სმ-ია, მაშინ ტექდათვალიერების ღირებულება 40 მანათს (დაახლოებით 90 ლარი) დამატებული 3 გეპიკია. 4-დან 5 ათას კბ/სმ-მდე სიმძლავრის ძრავის მქონე ავტომანქანის მფლობელს ტექდათვალიერება 70 მანეთი (დაახლოებით 157 ლარი) უჯდება, 5 ათას კბ/სმ სიმძლავრეზე მეტი ძრავის მქონე ავტომანქანის ტექდათვალიერებისთვის კი მძღოლს 110 მანათის (დაახლოებით 247 ლარი) გადახდა უწევს.

აზერბაიჯანში ავტომანქანამ ტექდათვალიერება ყოველწლიურად უნდა გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ფიზიკური პირი 50 მანათით (დაახლოებით 110 ლარი) ჯარიმდება.

ტექდათვალიერება სავალდებულოა რუსეთშიც. იქ ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერების ღირებულება, საშუალოდ, 1000 რუბლს, ანუ 50 ლარს შეადგენს. ჯარიმის მოცულობა კი 500-დან 800 რუბლამდე მერყეობს (25-დან 35 ლარამდე).

ავტომფლობელებისთვის მანქანის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა ბელორუსშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტექდათვალიერება ბელორუსში ყოველწლიურია. მსუბუქი ავტომანქანის მფლობელი ამაში 130-დან 146 ათასამდე ბელორუსულ რუბლს, დაახლოებით, 23-26 ლარს იხდის. სატვირთო ავტომანქანის მფლობელებისთვის კი მანქანის ტექდათვალიერებაზე გატარება 161-დან 224 ათასი რუბლია, ანუ 28-40 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომფლობელის მანქანა ტექდათვალიერებაზე გატარებული არ არის, მფლობელი 260 ათასი ბელორუსული რუბლით, დაახლოებით, 50 ლარით ჯარიმდება.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთ ქვეყანას - უკრაინას, იქ საქართველოს ანალოგიურად ავტომანქანების ტექდათვალიერება სავალდებულო არ არის. თუ ჩვენთან ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა, უკრაინის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 2011 წლის ზაფხულში მიიღო. იმის გამო, რომ საქართველოც და უკრაინაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ემზადება, ორივე ქვეყანაში ავტომანქანების ტექდათვალიერება ისევ სავალდებლო ხდება. საქართველოში ეს პროცესი 2015 წლიდან იწყება, უკრაინაში კი - 2016 წლიდან.

როგორც ცნობილია, საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება 2015 წლის 1-ლი მარტიდან აღდგება. ქვეყანაში რეგისტრირებულ 900 ათას ავტომობილს 22 სერვის-ცენტრი მოემსახურება. ტექდათვალიერების ღირებულება კი, დაახლოებით, 50 ლარის ფარგლებში იქნება.

განკარგულების პროექტი ”საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მთავრობამ უკვე მოიწონა. 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსარანსპორტო საშუალება. მთავრობას, ავტოტექდათვალიერების ამოქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ ”საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა პროცესი 2015 წლამდე გადაიდო.

ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა კარგია, თუმცა იმისათვის, რომ ეს პროცესი მოსახლეობისთვის პრობლემური არ აღმოჩნდეს, კარგი იქნება თუ ერთბაშად შემოიღებენ. აუცილებელია განისაზღვროს თუ რა სტანდარტებით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და ა.შ.

”საქართველოში ტექდათვალიერება რეალურად არ არსებობდა. იმას, რაც ადრე იყო, უბრალოდ, ერქვა ტექდათვალიერება. შეიძლება ითქვას, პირველად შემოდის ეს მექანიზმი, მაგრამ წარმოუდგენელია, ის იყოს ევროპული სტანდარტის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას ავტომობილების მხოლოდ 20% გაივლის. თუ შემოგვაქვს ქართული სტანდარტი, აქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შემოგვყავს ევროპული კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტს იცავს?

მეორე და ასევე მთავარი პრობლემაა საწვავის ხარისხი. შეიძლება ჩემი მანქანა სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ საწვავის ხარისხია დაბალი და კატალიზატორი მის სრულად წვას ვერ ახერხებს. ამიტომ მანამდე აუცილებელია მთავრობაც მოემზადოს და მოხდეს საწვავის ხარისხის გაკონტროლებაც. მძღოლებს კი უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, რომ მათ ავტომანქანების მოწესრიგება შეძლონ. უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა გაუმართავი ავტომობილების შემოყვანაზეც და ა.შ.”- განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” დავით მესხიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, როგორც მესხიშვილი ამბობს, ზოგგან ტექდათვალიერება ისე ტარდება, როგორც ჩვენთან 2004 წლამდე.

”უმეტეს ქვეყნებში ტექდათვალიერება მიმდინარეობს ისე, როგორც ეს იყო ჩვენთან - ვითომ არსებობდა, რეალურად კი მძღოლი მიდიოდა სპეციალურ სააგენტოში, იხდიდა ფულს და მანქანასაც ტექნიკური დათვალიერება გავლილი ჰქონდა. საქართველოში თავის დროზე ეს ჩაითვალა ფულის აკრეფის ერთ-ერთ დიდ ბუდედ და გაუქმდა.

პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში სავალდებულო ტექდათვალიერება დღემდე არის კორუფციის წყარო. ჩვენ კი მივდივართ იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს რეალური ტექდათვალიერება. თუკი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება სავალდებულო ტექდათვალიერებას 2019 წლიდან გვავალდებულებს, კარგი იქნება რომ პროცესი ეტაპობრივად დაიწყოს”, -დასძინა მესხიშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”