„დაგროვებით საპენსიო სისტემაში 40 წლის ზემოთ ადამიანების ნებაყოფლობით ჩართვა, ხანდაზმულ ასაკში მასობრივ სიღარიბეს გამოიწვევს“

2018 წლიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსციო სისტემის ამოქმედება იგეგმება. საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ 2017 წლის 31 ოქტომბერს წარმოადგინა.

ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ კომენტარებსა და შეფასებებს ფრიდრიხ ებერტის ფონდი ავრცელებს. როგორც საპენსიო რეფორმის დამოუკიდებელი ექსპერტის მარტინ ჰუთსებაუთის შეფასებაშია აღნიშნული, „კანონპროექტში არაფერია ნათქვამი არსებული საბაზისო პენსიის განმტკიცების და/ან რეფორმირების შესახებ და ამის ნაცვლად შემოთავაზებულია საპენსიო სისტემის მეორე სვეტი, რომელიც მხოლოდ ჰიბრიდულ ნახევრადსავალდებულო საპენსიო დაგროვების (განსაზღვრული შენატანი - DC) სქემას ითვალისწინებს (და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არ არის სააქციო (equity) ბაზარი!).

აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული სქემა სავალდებულო იქნება ორმოც წლამდე დასაქმებულებისთვის, რომლებიც ამ ასაკს 2018 წლის 1 ივლისს და მას შემდეგ მიაღწევენ. 40 წელს ზემოთ დასაქმებულები კი თავად გადაწყვეტენ - მიიღონ თუ არა სქემაში მონაწილეობა, მაგრამ სქემიდან გამოთიშვა მასში ავტომატურად გაწევრიანებიდან მხოლოდ 5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

„თვითდასაქმებულის სქემაში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით. დაგროვებითი კომპონენტის (pay-as-you-go) ალტერნატივა, რომელშიც მუშაკთა შენატანებს შეუძლია შექმნას საპენსიო ფონდი მომავალი პენსიონერებისთვის, არც კი განიხილება. არც მესამე საპენსიო სვეტი არის ნახსენები, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შემოვიდეს (პროფესიული ან პერსონალური განსაზღვრული კონტრიბუციების სქემა).

ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანამ შეიმუშავა PAYG სქემა, რომელიც გაძლიერებულია სახელმწიფო, ან კერძო, განსაზღვრული შენატანების სქემებით. საქართველოს მთავრობას, ევროპის ქვეყნების უმრავლესობისაგან განსხვავებით, PAYG სისტემის ნაცვლად შემოაქვს განსაზღვრული შენატანების დაგროვებითი სქემა. ვინაიდან 40 წლის ზემოთ მუშაკებს შეუძლიათ არ გაწევრიანდნენ სქემაში, მომავალში ასი ათასობით ადამიანი დარჩება ღირსეული პენსიის გარეშე. ეს გამოიწვევს ხანდაზმულ ასაკში მასიურ სიღარიბეს.

პირად ანგარიშებზე დაფუძნებული დაგროვების სქემებში ასევე არ არის სოლიდარობის ელემენტები, რაც PAYG სქემებში არის გარანტირებული: ავადობის, უმუშევრობის, მზრუნველობის ან დეკრეტული შვებულების პერიოდების დროს შენატანები არ განხორციელდება. შემოთავაზებულ სისტემაში არ არის საპენსიო კრედიტების შესაძლებლობა, ან მინიმალური უფლებების უზრუნველყოფა არასტანდარტული ან დაბალანაზღაურებადი მუშაკებისთვის. შემოთავაზებული სქემის პრინციპი ასეთია: „ყველამ საკუთარი თავისთვის იზრუნოს“. შემოთავაზებული სისტემის მართვა ხდება პოლიტიკური პირებით (მინისტრებით) დაკომპლექტებული სამეთვალყურეო ორგანოს მიერ, სოციალური პარტნიორების მონაწილეობის გარეშე.“