ევროზონის ეკონომიკის ზრდა საუკეთესოა ბოლო შვიდ წელიწადში

ევროზონის ეკონომიკამ გასული წელი ბოლო შვიდ წელიწადში ყველაზე საგრძნობი ზრდით დაასრულა, რაც პირველ რიგში, წარმოების და მომსახურების სფეროში აქტივობის ზრდამ გამოიწვია.

ეს გარემოება შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) წელსვე შეწყვიტოს ეკონომიკის სტიმულირების აგრესიული პროგრამა და ევროზე საპროცენტო განაკვეთის ზრდისთვის მზადება დაიწყოს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე თვიდან 30 მილიარდ ევრომდე შეამცირა ფასიანი ქაღალდების ყოველთვიური შესყიდვების პროგრამა. „IHS მარკიტის“ მონაცემებით, ევროზონის შესყიდვების ინდექსის დეკემბრის მაჩვენებელი 58.1-მდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე (58.0) ოდნავ მეტია. ეს ინდექსი ეკონომიკის განვითარების უტყუარი მაჩვენებელია და უკვე გვარიანად დაშორდა 50-იან ნიშნულს, რომლის ქვემოთ ჩამოსვლაც ეკონომიკის დასუსტების მანიშნებელია. საინტერესოა, რომ ამ ინდექსმა 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს სწორედ გასულ წელს მიაღწია.

„IHS მარკიტის“ მთავარი ეკონომისტი, კრის უილიამსონი ამბობს, რომ ევროპის ეკონომიკის განვითარებას, პოლიტიკური გაურკვევლობები, როგორებიცაა კატალუნიის სეპარატიზმი და ბრექსიტი, ვერ ვნებს.

ევროზონის PMI-ს წლის საშუალო მაჩვენებელი 56.4-ს დონეზე დაფიქსირდა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგია. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მეოთხე კვარტალში ეკონომიკა 0.8 პროცენტით გაიზარდა. ეს კი სხვა განვითარებული ქვეყნების ზრდის ტემპზე მეტია. საინტერესოა, რომ „როიტერსის“ მიერ ჩატარებული, წამყვანი ეკონომისტების გამოკითხვით, ევროზონის ეკონომიკის ზრდის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი 0.6 პროცენტი უნდა ყოფილიყო.

წინმსწრები ინდიკატორები მიანიშნებს, რომ ზრდის ეს ტემპი უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება. მაგალითად, ახალი შეკვეთების კომპოზიტური ინდექსი 58.0-მდე გაიზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ეს გარემოება კომპანიებს შტატების გაზრდისკენ უბიძგებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს უმუშევრობას და ზრდის მოსახლეობის ხარჯვას, რაც ინფლაციის მიზნობრივ დონემდე ზრდას უწყობს ხელს.

უმუშევრობის დონე 2013 წლის პიკური 12.1 პროცენტიდან, 8.8 პროცენტამდე არის შემცირებული. მომსახურების სფეროს PMI 56.6-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ექვს წელიწადში უმაღლესი მაჩვენებელია. წინასწარი მონაცემებით, წარმოების PMI ბოლო ოცი წლის მაქსიმალურ დონეზეა. მაგრამ ECB-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ფასების ზრდა, სრული ოპტიმიზმის საფუძველს ჯერაც არ იძლევა.

მერაბ ლორთქიფანიძე