"განვითარების ბანკის" შესახებ ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარების ბანკთან დაკავშირებით მთავრობაში ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს.

"საქართველოს განვითარების ბანკის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს აპრილის ბოლოს წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, "საპარტნიორი ფონდის" რეორგანიზაციის შედეგად იქმნება სააქციო საზოგადოება - "საქართველოს განვითარების ბანკი". კანონპროექტი განსაზღვრავს ბანკის შექმნის, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ფუნქციებს. კერძოდ, "განვითარების ბანკი" უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს სესხების გაცემა კომერციული ბანკის მეშვეობით, გარანტიების გაცემა, დაზღვევის ოპერაციები, ობლიგაციების გამოშვება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

ამასთან, "განვითარების ბანკს" ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.

პროექტით განისაზღვრება "განვითარების ბანკის" მმართველობის სტრუქტურა, მისი სამეთვალყურეო საბჭოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები. გარდა ამისა, კანონპროექტში მოცემულია მთელი რიგი დამატებითი დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.