„მაგთის“ მოგება წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ ტარიფის გაძვირებაზე კომპანიის განცხადება საფუძველს მოკლებულია“

„მაგთის“ განცხადებები ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, საფუძველს არის მოკლებული,“- ამის შესახებ, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ “ბიზნესპრესნიუსთან“ „მაგთიკომის“ მიერ ტარიფების გაძვირების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ტარიფის გაძვირებაზე კომპანიის განცხადება იმის შედეგია, რომ თავის დროზე „მაგთიმ“ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების საშუალება მიიღო”.

„კომპანის შეუძლია ბევრი მიზეზი დაასახელოს თუ რატომ ზრდის ტარიფს, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით ჩანს, რომ ინტერნეტის ნაწილში „მაგთიკომის“ ხარჯი მცირდება, შემოსავალი კი იგივე რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე კომპანიის მოგება იზრდება. ამიტომ, „მაგთის“ მსგავსი განცხადებები საფუძველს არის მოკლებული, მით უმეტეს თუ ტარიფის გაზრდას აპირებდა, კომუნიკაციების კომისიასთანაც უნდა ყოფილიყო შეთანხმება. ტარიფის გაძვირებაზე „მაგთის“ გადაწყვეტილება ერთი-ორი დღის მიღებული არ არის. ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში ვამბობდით, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენით, „მაგთი“ ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას მიიღებდა და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებასაც შეძლებდა. სწორედ ეს დრო დადგა ახლა. დღეს თუ ტარიფს 3-დან 5 ლარამდე ზრდის, ხვალ შეიძლება უფრო მეტით გაზარდოს და ამას ვერავინ შეაჩერებს,“- აღნიშნა კუკულაძემ.

აღსანიშნავია, რომ მობილურ ოპერატორებს შორის 2017 წლის იანვარ-ნოემბერში შემოსავლების მიხედვით სწორედ „მაგთი“ ლიდერობდა. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი ჯამში 409.8 მილიონი ლარი იყო, აქედან „მაგთის“ საცალო შემოსავლებმა 189.5 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზე კი 151.4 მილიონი ლარით „ჯეოსელი“ იყო. რაც შეეხება აბონენტების რაოდენობას, გასული წლის ნოემბერში ყველაზე მეტი 1,971,125 აბონენტი კომპანია „მაგთის“ ჰყავდა.

ცნობისთვის, 18 იანვრიდან „მაგთი“ მობილური ინტერნეტპაკეტების გაძვირებას გეგმავს. კომპანიის ცნობით, სხვადასხვა პაკეტი 2-5 ლარით გაძვირდება. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ „მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია და კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ერთმანეთს ვერ აბალანსებს“.

„მაგთის“ მიერ ტარიფების გაძვირებას გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, სადაც აღნიშნეს, რომ კომპანიის მიერ ტარიფის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს და ასეთი გადაწყვეტილება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. ამასთან, მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს არ იზიარებს ეკონომიკის სამინისტროც, რომელთა განცხადებითაც შესაძლებელია ეს არგუმენტები მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს არ ასახავდეს. აღსანიშნავია, ისიც რომ სამინისტრომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში.

რაც შეეხება კომპანია „მაგთის“ მფლობელებს, მისი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძე, გია ჯოხთაბერიძეა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, შპს „მაგთიკომის“ პირდაპირი მფლობელები ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიებია. კერძოდ, 51%-იან წილს - „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ“; 49%-იან წილს კი „ტელსელ უაიერლეს კომპანი“ ფლობენ.

თაია არდოტელი