რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სასადილოების საშობაო მენიუში ჩახოხბილი შეიტანეს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილების სასადილოებში საშობაო მენიუში სხვადასხვა ეროვნულ და რეგიონალურ კერძებთან ერთად ჩახოხბილიც შეიტანეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური სამხედრო ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაროსლავ როშჩუპკინმა განუცხადა.

„სამხედრო ნაწილების სასადილოებში საშობაო მენიუში სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოს კერძები შევიტანეთ: ბორშჩი ციმბირულად, ურალური პელმენი, ქართული ჩახოხბილი, ფლავი და ა.შ. სასადილოების დახლებზე გამოჩნდა კივი, ბანანი, ციტრუსები, შოკოლადი, თაფლაკვერები, ფუნთუშები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი“, - განაცხადა როშჩუპკინმა.

მისი თქმით, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მეთაურობამ კვების ულუფის ღირებულება 20%-ით გაზარდა. გაუმჯობესებული მენიუ 8 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.