მავთულხლართების ეკონომიკური ”ეფექტი”

უწყლობა, უგაზობა, უმუშევრობა, დაუცველობის შეგრძნება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს.

სასოფლო-სამეურნეო ბარათით მიწა მოუხნეს, მაგრამ სარწყავი წყლის არარსებობის გამო, მოსავლის მოყვანის იმედი არ აქვთ. რამდენიმე ადგილობრივის ნაკვეთი კი, უკვე მესამე წელია, მავთულხლართებს მიღმა დარჩა...

რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონს, სოფელ ხურვალეთს ვესტუმრე და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გავეცანი. როგორ ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში ქართველები, რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება, რა არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო და ... ამის შესახებ ადგილობრივებს ვესაუბრე.

მათ შორის, ვინც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობს, ვფიქრობ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, 80 წლის დავით ვანიშვილია. ის მესამე წელია მავთუხლართებს მიღმა ცხოვრობს.

”ძალიან ცუდ დღეში ვარ, შვილო... მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე ხორბალი და სიმინდი მომყავდა, რუსული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, ჩემი სახლ-კარი და შესაბამისად მეც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. შარშანაც და წელსაც მთავრობამ მომიხნა მიწა, მაგრამ რად მინდა, ვერაფერი მომყავს, რადგან თესლის გადატანას ვერ ვახერხებ ე.წ. საზღვარზე. მავთულხლართებს მიღმა როგორც კი გადმოვალ, მაშინვე რუსი ჯარისკაცები დამადგებიან და თესლსაც წამართმევენ და ცხინვალშიც წამიყვანენ. ერთხელ და ორჯერ არ გადამიხდია ამ მიზეზით 2 ათასი რუბლი. ერთი ძროხა მყავს და კუდში დავდევ, რომ საბალახოდ წასულმა სადმე ”საზღვარი” არ გადაკვეთოს. ავადმყოფი ცოლი მყავს და იმდენი მაინც ხომ უნდა მოვახერხო, რომ საჭმელი ვაჭამო... პატარა ბოსტანი მაქვს, სადაც კიტრი, პამიდორი, კარტოფილი და ბაღჩეული მომყავს. არსებობა ხომ გვინდა. რუსები მეუბნებიან: პროდუქტი ცხინვალში იყიდეო. სად მაქვს მაგდენი ფული ან იქიდან ამ ხნის კაცს ბარგის თრევა სად შემიძლია? არც მათი რუბლის გამეგება რამე, და არც მინდა, რომ ვერკვეოდე! ადრე ვაშლიც მომყავდა, ატამიც, კარტოფილიც, საზამთრო და ვყიდდი კიდეც. ახლა აღარც ჯანი მაქვს და სარწყავი წყალიც არ გვაქვს. განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს, არც შეშა გვაქვს და არც გაზი. შეშის საყიდელი ფულიც რომ მქონდეს, ამ მავთულხლართებში როგორ გადმოვიტანო?”-შემომჩივლა დავით ვანიშვილმა.

მოხუცთან საუბრის შემდეგ, სოფლის ცენტრისკენ გულდამძიმებული ვბრუნდები. გზადაგზა ადგილობრივები მეუბნებიან, რომ ამ სოფელს მთელ რაიონში განსაკუთრებით უჭირს. შედეგი სახეზეა - აქაურ დუხჭირ ცხოვრებაზე გაჭვარტლული ფანჯრები და გაუმართავი, ზოგან სრულიად დაცარიელებული კარ-მიდამო მიანიშნებს. სოფლის მოსახლეობა არა თუ გასაყიდი, მათი საკმარი მოსვლის მოყვანაზე ოცნებობს.

ხურვალეთის ცენტრში, ერთადერთ მარკეტში შევდივარ, სადაც როგორც ახალგაზრდა გამყიდველი გოგონა მეუბნება, მომსახურებისთვის ყველაზე ფართო არჩევანი და სოფლის მოსახლეობისთვის მისაღები ფასებია.

ია აბულაძე, 24 წლის:

- ჩემს უფროსს გორიდან, საბითუმო ფასებში მოაქვს ყველაფერი და ძალიან დაბალ ფასში ვყიდით. ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ვაახლებთ პროდუქციას. აქაურ მოსახლეობას ძალიან უჭირს, ძირითადად პენსიით არსებობენ. უმეტესად ე.წ. ნისიად მიაქვთ სურსათი, ძირითადად პირველადი საჭიროების პროდუქცია: ზეთი, შაქარი, მაკარონი და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები.

-თქვენ რამდენი გაქვთ ანაზღაურება?..

-დღეში 4 ლარი, ანუ თვეში 120 ლარი გამომდის, აქვე ვცხოვრობ და გზის ფული არ მეხარჯება...

- მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობა თუ გადმოდის და ყიდულობს თქვენს მარკეტში პროდუქტს?

- დიახ, პენსიას აქ იღებენ და შემოდიან ხოლმე. სურსათს ყიდულობენ, პურის ფქვილი მიაქვთ ხშირად, ასევე ყავა და შაქარი. მაგრამ ვიცი, რომ თუ კარგი ამინდია და დრო აქვთ, გორამდე ჩადიან და იქ საბითუმო ფასში ყიდულობენ. ჩვენი პოლიცია ხელს უწყობთ, რომ ხშირი მიმოსვლა ჰქონდეთ.

მარკეტთან შეკრებილ ადგილობრივებთან მივდივარ სასაუბროდ. ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, მათ შორის ყველაზე მთავარი კი წყალია. სარწყავ წყალს ვინ ჩივის, სასმელი წყალიც კი არ აქვთ ადგილობრივებს. "მეორე სართულზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ბერიკაცი და წყალს ზურგით ვეზიდებით. ახლა ეზოში მაინც მოდის მღვრიე წყალი, მაგრამ რას დავეძებ, ადრე დასალევ წყალსაც ერთი კილომეტრიდან ვეზიდებოდით. ეს არის ცხოვრება?!" - ამბობს შავთავსაფრიანი მოხუცი.

მის სიტყვებს სხვა აგრძელებს, ამბობენ ხშირად რუსი ოკუპანტები, ერთადერთ საარსებო წყაროს ართმევენ - საზღვართან მიახლოებულ საქონელს პარავენ, ან ართმევენ. ყველაფრის მიუხედავად აქაურები საცხოვრებელს მაინც არ ტოვებენ.

"აქედან რამდენიმე მეტრში უკვე ”საზღვარია”. ყვითელ კვალს ხომ ხედავთ, იმის იქით რუსები არ გვიშვებენ. რამდენჯერაც ჩვენი საქონელი გადავიდა, იმდენჯერ დაიკარგა და დარჩა ხალხი მშიერი",- მეუბნება ასაკში შესული დათო ხუროშვილი. რამდენიმე დღის წინ, მისი დაც გაიტაცეს რუსებმა, ორ ქალბატონთან ერთად და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სამივე მათგანი 6 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათი პირუტყვი კი ოკუპანტებს დარჩათ. ასე, პატრონთან ერთად პირუტყვიც მიჰყავთ, პატრონს აბრუნებენ, საქონელს კი არა. არადა, სოფლის მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყარო პირუტყვი და რძის ნაწარმია, რომელიც გასაყიდად გორში ჩააქვთ. "ოკუპანტები ნაგაზებით დადიან, ვინმე რომ არ გაექცეთ. რამდენჯერმე მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებმა ოსებმა დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს: აქვე ახლოს არიან და არ დაგიჭირონო”,- თხრობას აგრძელებს ჩემი რესპონდენტი. ჩემს შეკითხვაზე, რას ამბობენ ოსები რუსების შესახებ, ეშმაკურად იღიმის: თავში ხელებს იშენენ, ეს რა მივქარეთ, არ გვეგონა თუ ასე წამოგვაჯდებოდნენ თავზეო.

ჩემთან საუბრის სურვილს კიდევ ერთი ქალბატონი გამოთქვამს. ეტყობა, რომ ბაღიდან მოდის...

- ბოლო დროს სოფელი ბევრმა მიატოვა. უამრავი მიტოვებული სახლია. სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება, ზოგი თბილისში წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში)... სკოლაში თუ რამდენიმე წლის წინ 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა მათი რაოდენობა განახევრებულია. ჩემი შვილის კლასში 4 მოსწავლეა.

- სოფლიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიეთ. ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ მხოლოდ. გზა, წყალი, გაზი - არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ამ პირობების არარსებობის გამო თუ წავა აქედან ადამიანი. ელექტროენერგია კი გვაქვს, მაგრამ გამრიცხველიანების პრობლემა დგას და გაურკვეველი ოდენობის გადასახადი მოგვდის.

- სამედიცინო პუნქტი არის სოფელში?

- ამბულატორია გვაქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, გორიდან ვიძახებთ სასწრაფოს.

ლალი პაპასკირი