ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ხვალ ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
შობის დღესასწაულზე ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.
აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.
მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.