ჩინური “ჰუალინგი” სადაზღვევო ბაზარზეც იწყებს საქმიანობას

ჩინური „ჰუალინგი“ სადაზღვევო ბაზარზეც შევიდა. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, კონსტანტინე სულამანიძის 27 დეკემბრის ბრძანებით, სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევისა და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები გაიცა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, "სს ჰუალინგ დაზღვევა" რიგით 17-ე სადაზღვევო კომპანიაა, რომლის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია "ბაზის ბანკი".

ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ კერძო კორპორაციაა, რომელიც 1988 წელს ჩინეთში, სინძიანის რეგიონის ქალაქ ურუმჩიში დაარსდა. „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში 2007 წლიდან იწყებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და დღემდე, „ჰუალინგ ჯგუფს“ 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. ესენია: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, თბილისის ზღვის პლაზა, ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი, სასტუმრო ფანდი, ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში და 2008 წელს მიღებული ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზია. ამასთან, 2012 წელს “ჰუალინგ ჯგუფი” გახდა საქართველოში „ბაზის ბანკის“ წილის მფლობელი და ბანკის 99.8%-ს ფლობს.