"საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში  ცვლილებები შედის

საწარმოებს შეეძლებათ, დავალიანებების ჩამოწერის თხოვნით სახელმწიფოს ნებისმიერ დროს მიმართონ.

საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, უიმედო სესხად აღიარების, ასევე მისი ჩამოწერის საქმეში საწარმოები დროში შეზღუდული აღარ იქნებიან.

უქმდება დათქმა, რომლის მიხედვით, დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე უიმედო სესხად აღიარება, ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა, მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ უნდა განხორციელებულიყო, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი განაცხადითა და დოკუმენტაციით 2017 წლის 1 იანვრამდე მიმართავდნენ. შესაბამისად, საწარმოებს საშუალება ექნებათ ასეთი განაცხადით უწყებას ნებისმიერ დროს მიმართონ.

ამ და სხვა ცვლილებებს "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საწარმოს უფლება ექნება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მოექცეს არა ერთხელ, არამედ თითოეული ვალდებულებისათვის ცალ-ცალკე შეეძლება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მოქცევა.

გარდა ამისა, სესხით მოსარგებლე საწარმო ვალდებული იქნება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მოსაქცევად აუცილებლად წარმოადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება მხოლოდ მთავრობას შეეძლება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების რეესტრის წარმოების აუცილებლობას, რაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს.