ტრამპის შესახებ წიგნზე მოთხოვნას ვერ აუდიან

ჟურნალისტ მაიკლ ვულფის წიგნი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ - "Fire and Fury: Inside the Trump White House" ისეთი ტემპით იყიდება, რომ გამომცემელი მის დაბეჭდვას ვერ ასწრებს.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ მიწოდების პრობლემა წიგნის ციფრულ ფორმატზე და მისი გადმოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა დიდი პრობლემაა წიგნის მყარყდიანი ვერსიის მიწოდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამერიკის მასშტაბით წიგნის მაღაზიებში წარდგენილი პირველი ტირაჟი სრულად ამოიწურა და წიგნზე დეფიციტი შეიქმნა, თუმცა გამომცემლობა ცდილობს ყველა მოთხოვნა უმოკლეს დროში დააკმაყოფილოს.

როგორც CNN იუწყება, გამომცემლობა ამ ეტაპზე გაყიდული წიგნების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ ის ნომერ პირველი ყველაზე მოთხოვნადი წიგნია Amazon-ზე. ამ საიტზე წიგნის ციფრული ვერსია ახლაც ხელმისაწვდომია, თუმცა ვებგვერდი მყარი წიგნის მოთხოვნის შემთხვევაში შემკვეთს 2-დან 4 კვირამდე მოცდას სთავაზობს. წიგნის ფასი „ამაზონზე“ 15 დოლარიდან 26,5 დოლარამდე მერყეობს და ხელმისაწვდომია ოთხი სახით.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვულფის წიგნი ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, რომ არა თავად პრეზიდენტისა და თეთრი სახლის მხრიდან წამოსული მცდელობა, წიგნი არ გასულიყო გაყიდვაში და არ გამოჩენილიყო დახლებზე.

კოკა კვირკველია