საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დელეგაცია ესტონეთს სტუმრობდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და მიზნად ისახავდა რიგ სფეროებში ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ესტონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, ესტონეთის ტურიზმის საბჭოს, ექსპორტის სააგენტოს, მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრის, ესტონეთის კონკურენციის სააგენტოს, სოციალური დაზღვევის ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ბიზნეს ასოციაციის დელეგაციამ ასოციაციისათვის საინტერესო ინფორმაცია მიიღო შესაბამის სფეროებში განხორციელებული რეფორმების, დანერგილი სიახლეებისა და არსებული პრაქტიკის შესახებ.