„როიტერსის“ ინფორმაციით, ნორვეგიის ბაზარზე გასულ წელს გაყიდული ავტომობილების საერთო რიცხვის 52% ელექტრომობილი და ჰიბრიდი იყო. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 12%-ით მეტია.
სკანდინავიურ ქვეყანაში მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილების ასეთ პოპულარობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ქვეყნის მთავრობა ელექტრომობილების მყიდველებს დიდ შეღავათებს აძლევს. ამ შეღავათებშია შემცირებული გადასახადები, ბევრ ფასიან მაგისტრალზე უფასოდ გადაადგილების უფლება, უფასო პარკინგი და დამუხტვის უფასო მომსახურება.
„ამ მხრივ ახლოსაც ვერავინ მოვა. პირველად ხდება, რომ გაყიდვებში ორგანულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების წილი ნახევარზე ნაკლებია. ასეთი პროპორცია იმაზე გაცილებით ადრე მივიღეთ, ვიდრე ველოდით. დიდი ავტომწარმოებლებიც სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ არაორგანულ ენერგიაზე მომუშავე სულ უფრო მეტ ავტომობილს გამოუშვებენ“, - ამბობს ნორვეგიის საგზაო ფედერაციის ხელმძღვანელი, ოეივინდ სოლბერგი.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 39% ელექტრომობილია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიო ლიდერია. სააგენტოს მონაცემებით, ამ მხრივ მეორე ადგილზე ჰოლანდიაა, სადაც ელექტრომობილებზე გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 6.4% მოდის.
მერაბ ლორთქიფანიძე