„რიპლი“ ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტაა. ცოტა ხნით, მან რეიტინგში მეორე ადგილზეც კი გადაინაცვლა და „ეთერიუმი“ ჩამოაჩოჩა.
რაც მთავარია, მისი კაპიტალიზაცია 100 მილიარდი დოლარის სიახლოვესაა. „რიპლის“ (XRP) ფასმა თავის ისტორიულ პიკს ხუთშაბათს მიაღწია, როცა 3.84 დოლარი გახდა. არადა, სულ რაღაც ერთი წლით ადრე მისი ფასი 0.2 დოლარის ფარგლებში იყო. ეს კი ნიშნავს, რომ თუ შარშან „რიპლიში“ 1 000 დოლარს დააბანდებდით, დღეს ეს ინვესტიცია 600 000 დოლარს მოგიტანდათ. და ეს ჯერაც შორსაა იმისგან, რისი მიღწევაც „რიპლთან“ ერთად არის შესაძლებელი.
„რიპლის“ ასეთი პოპულარობა, მისი შემქმნელების და თანამფლობელების სწრაფ გამდიდრებას განაპირობებს. მაგალითად, „ფორბსის“ მონაცემებით, კომპანია „რიპლის“ თანადამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი თავმჯდომარე, კრის ლარსენი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ ათეულში მოხვდა.
ცნობისათვის, „რიპლს“ შემუშავებული აქვს ამავე სახელის მქონე გადარიცხვების სისტემა, რომელიც „სვიფტზე“ გაცილებით სწრაფი და იაფია. ამ სისტემის დანერგვით, მსოფლიოს უდიდესი ბანკების უმეტესობაა დაინტერესებული. იაპონურ და კორეულ ბანკებს სისტემის ტესტების დაწყება აქვთ დაგეგმილი. გადარიცხვა „რიპლის“ ფულადი ერთეულის, XRP-ს მეშვეობით ხორციელდება, რად დროსაც, ამ ერთეულის განლევა ხდება და სწორედ ესაა გადარიცხვის საფასური.
სულ „რიპლს“ 38 მილიარდზე მეტი XRP აქვს ემისირებული, რომელთაგან 55 მილიარდს თავად ფლობს. ლარსენის ანგარიშზე 5.19 მილიარდი XRP ირიცხება. გარდა ამისა, მასვე კომპანიის აქციების 17 პროცენტი ეკუთვნის. ლარსენის ჯამური კაპიტალი 55.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ბლუმბერგის„ მილიარდერთა ინდექსის შესაბამისად, ამ კაპიტალით ლარსენი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მერვე ადგილზეა. ის უსწრებს „გუგლის“ თანადამაარსებელ ლარი პეიჯს და რამდენიმე მილიარდი დოლარით ჩამორჩება მექსიკელ მაგნატ, კარლოს სლიმს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო.
„რიპლის“ წილიდან 5.3 მილიარდი XRP-ს მფლობელია კომპანიის კიდევ ერთი თანადამაარსებელი, ჯედ მაკკალები, რომელმაც მოგვიანებით დატოვა ეს კომპანია და ახალი მსგავსი სისტემა-ციფრული ვალუტა „სტელარი“ ჩამოაყალიბა. მისი კაპიტალი 20.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც „ბლუმბერგის“ სიაში მე-40 ადგილზეა. მაკკალებსვე ეკუთვნის 1 მილიარდი XLM (სტელარის ციფრული ვალუტა), რისი ჯამური ღირებულებაც 650 მილიონზე მეტია. „ბლუმბერგის“ რეიტინგში მაკკალები „ტესლას“ ილონ მასკს 1 მილიარდი დოლარით უსწრებს.
„რიპლის“ ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი, ბრედ გარლინგჰაუსი კომპანიის 6.3 პროცენტის მფლობელია. მასვე ეკუთვნის XRP-ს გარკვეული რაოდენობა (ზუსტი მონაცემი უცნობია). ჯამში მისი კაპიტალი 13.3 მილიარდ დოლარს აღწევს, რითაც რეიტინგში 99-ე ადგილზეა. ის ოდნავ ჩამორჩება ბიტკოინის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს, რომელიც 980 000 ბიტკოინს ფლობს.
მერაბ ლორთქიფანიძე