გაძვირდება თუ არა პური?

„ტარიფის მატება არავის სიამოვნებს“ - ამის შესახებ პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ტარიფების მატებამ რიგი კომპანიების მხრიდან ეკონომიის გაკეთება და შტატების შემცირება უკვე გამოიწვია.

ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, პურის ძირითადი ნედლეული ფქვილია და სწორედ მის ფასზეა დამოკიდებული პურის ღირებულებაც.

„ბოლო 2 წელია ფქვილის ფასი მკვეთრად არ შეცვლილა და პურის ღირებულებაც ფქვილის ფასიდან გამომდინარეა შენარჩუნებული. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება უფრო მეტად წისქვილზე აისახება, მცხობელებისთვის კი უფრო მტკივნეული ბუნებრივი აირისა და ფქვილის ფასის ცვლილებაა. თუ ეს ორი კომპონენტი არ გაძვირდა, პურის ფასი არ მოიმატებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეწარმე ყოველთვის ცდილობს ფასი არ გაზარდოს და ხარჯის გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა 10-15 გრამით წონის კორექტირება მოახდინოს,“-აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 1,5 თეთრით, რეგიონებში კი 1,28 თეთრით გაიზარდა.