8 იანვრიდან „გლობალ ტვ“-ის მომხმარებლებს კომპანია „სილქნეტი“ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია „სილქნეტისა“ და „გლობალ ტვ“ ვებ-გვერდებზეა ხელმისაწვდომი.
„გლობალ ტვ-ის“ მომხმარებლებს კომპანია „სილქნეტი“ უცვლელი ტარიფით მოემსახურება. გარდამავალ ეტაპზე, ახალ ინსტალაციებზე, დაზიანებასა და დემონტაჟზე განაცხადების მიღებას ცხელი ხაზი 032 2 47 12 12 უზრუნველყოფს, ხოლო მასზე რეაგირება კომპანიების შერწყმის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება,“- ნათქვამია „სილქნეტის“ განცხადებაში.
კომპანია „სილქნეტის“ მიერ „გლობალ TV“-ის შეძენასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ კომპანია „სილქნეტში“ განაცხადეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებოდნენ დასტურს.
ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტს“ „გლობალ TV“-ს („გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“) შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
საჯარო რეესტრში „გლობალ TV“ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სახელითაა რეგისტრირებული. 3 ოქტომბრის ამონაწერით, სააქციო საზოგადოების „სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ქსოვრელი, წევრები კი მალხაზ ლოლაშვილი და გიორგი ჯანელიძე არიან.
რაც შეეხება სს „სილქნეტს“, 11 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი გიორგი რამიშვილი, მოადგილე/წევრი გიორგი ხარაბაძე, წევრები ვასილ კენკიშვილი, ლევან ბუჩუკური, თეოდორ ჩარლზი ჯონასი და ალექსი თოფურია არიან.