ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არც ერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით არ უსარგებლია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში Bitfury ჯგუფის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადებაში.
როგორც Bitfury ჯგუფი იუწყება, კომპანია ეხმაურება ბოლო პერიოდში "პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს".
"გვსურს ღიად დავაფიქსიროთ ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით "თანაინვესტირების ფონდიდან", რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა "საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.
ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, საქართველოში "ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.
რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისმგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არც ერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია - მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს - კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.
"ევროპული საქართველოს“ განცხადებით, სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნა მოსახლეობის ხარჯზე, თანაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. როგორც „ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ტარიფების მომატება მოხმარების გაზრდით ახსნა. პარტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მაგალითად კომპანია BitFury-ის საქმიანობას ასახელებენ.
"2015 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-მა თბილისის თავისუფალ ზონაში დატა ცენტრი გახსნა და კრიპტოვალუტის - ბიტკოინების გამომუშავება დაიწყო. გახსნის დღეს ანუ 15 დეკემბერს თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზარდა. ქარხანა უკვე ორი წელია მუშაობს და მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია გამოვითვალოთ, თუ რამდენით გაზარდა მან თბილისის მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ქარხნის მოხმარების გამო მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს იხდის, თვითონ ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით (http://www.tfz.ge/ka/512/), ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო)“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.