,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - 2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა

2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები წინა წელთან შედარებით 16,45%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ იუწყებიან. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ფოთის პორტში 318,752 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2016 წელს - 273,690 TEU კონტეინერი.

2017 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 6 600 000 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7,7%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

”ყოველივე ეს საქართველოს მზარდი ეკონომიკისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შედეგია“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ინფორმაციით, „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე 2,900 მეტრს შეადგენს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული.

”სათავეში მოსვლის დღიდან „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება საპორტო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით”, - აღნიშნავენ კომპანიაში.