დღეს ნედლი ნავთობის ფასი 68 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი ფასია.
ასეთ ზრდას, OPEC-ის ქვეყნების მიერ გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და აშშ-ში მარაგების შემცირება განაპირობებს.
OPEC-ის მიერ შემოღებული მიწოდების შეზღუდვის წყალობით, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დარღვეული ბალანსი აღდგა. რაც შეეხება ამერიკის მარაგს, ის უკვე ზედიზედ მერვე კვირაა, რაც კლებულობს. პარალელურად, კვლავ შემცირდა ქვეყანაში მოქმედი ჭაბურღილების რიცხვი.
ბრენტ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4 ცენტით გაიზარდა და ბარელში 67.82 დოლარს მიაღწია. სავაჭრო სესიის დასაწყისში, ფასი 68.29 დოლარსაც კი მისწვდა, თუმცა შემდეგ კორექციის ფაზაში გადავიდა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 15 ცენტით გაიზარდა და 61.88 დოლარს მიაღწია.
OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვის გამო, ნავთობის მარაგები ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მკვეთრად მცირდება. ყველაზე მეტად კი ეს ტრენდი აშშ-ში არის შესამჩნევი, რომელიც მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი (API) და აშშ-ის მთავრობის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) აცხადებენ, რომ წინა კვირაში ქვეყნის მარაგები 4.1 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ კლება უკვე რვა კვირაა, გრძელდება.
ზემოთ დასახელებული ორი მიზეზის გარდა, ნავთობის გაძვირებას ირანში არეულობაც უწყობს ხელს. ირანი OPEC-ის წევრთა შორის მესამე უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. მართალია, იქაური არეულობები ჯერ ნავთობის წარმოებას არ ვნებს, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა ფასებზე ასახვას მაინც ჰპოვებს. პარალელურად, შეფერხებებია ვენესუელაში (ესეც OPEC-ის წევრია), სადაც ეკონომიკა კრახის პირასაა.
მერაბ ლორთქიფანიძე