10 ყველაზე ცნობილი ბრენდული სასტუმრო საქართველოში

საქართველოში ბრენდული სასტუმროების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, მათ შორის არის მაღალი კლასის სასტუმროები, სადაც ყველაზე ძვირად ღირებული ნომრები 2000-3000 დოლარიც კი ღირს , თუმცა არის საშუალო კლასის ბრენდები, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნატო კვაჭანტირაძე ყველაზე ცნობილ ბრენდულ სასტუმროებზე გვესაუბრება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმატებით ოპერირებენ.

„თბილისი მარიოტი“

„თბილისი მარიოტი“ უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. მის სტუმრებს სულ რაღაც 5 წუთში შეუძლიათ მოინახულონ ქალაქის ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, თეატრები, მუზეუმები... „მარიოტის“ ბრენდის სასტუმრო 2017 წლის ზაფხულში შეკვეთილშიც გაიხსნა და შავიზღვისპირეთის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ჰოთელს & პრეფერენს“

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელ „ჰოთელს & პრეფერენსის“ მიერ აშენდა. ფრანგული ბრენდის პირველი სასტუმრო თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარეობს. „ჰოთელს & პრეფერენსის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონ დოლარს შეადგენდა. ათსართულიანი თანამედროვე სასტუმროს მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დასრულდა. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოში არსებული სხვა სასტუმროებისგან ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცით გამოირჩევა.

„რედისონ ბლუ ივერია“

„რედისონ ბლუ ივერია“ თბილისის ცენტრში მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში სასტუმრო „ივერია“ მოქმედებდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებში, აფხაზეთის ომის შემდეგ, იქ დევნილები ცხოვრობდნენ. XXI საუკუნის დასაწყისში მთავრობამ შენობა კერძო კომპანიას მიჰყიდა, რომელმაც რამდენიმე თანამოწილესთან ერთად, შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. „ივერიის“ რეაბილიტაცია 2006 წლიდან დაიწყეს. 2009 წელს განახლებული სასტუმრო „ივერია“ თბილისელებს უკვე ახალი სახელწოდებით მოევლინა - „რედისონ ბლუ ივერია“. სასტუმროს რეკონსტრუქციას 65 მილიონი დოლარი დასჭირდა.

„მილენიუმ ბილთმორი“

2016 წლის აგვისტოში თბილისში პირველი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო - The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნა. მის ასაგებად 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია „დაბი ჯგუფმა“ განახორციელა. სასტუმრო ყოფილი „იმელის“ შენობაშია განთავსებული. „მილენიუმ ბილთმორის“ კომპლექსში სავაჭრო ცენტრი, კაზინო და კვების ობიექტებიც მოქმედებს.

„ჰილტონი“

2015 წელს, ბათუმში, ცნობილი ბრენდის სასტუმრო - „ჰილტონ ბათუმი“ გაიხსნა. „ჰილტონი“ ერთ-ერთი ლიდერია მაღალი კლასის სასტუმროებს შორის. ის მსოფლიოს 76 ქვეყანაში საქმიანობს და 4200-მდე სასტუმროს ფლობს. როგორც დიდ ქალაქებში, ასევე საკურორტო ზონებში. „ჰილტონ ბათუმში“ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ქალაქის სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ამავე ბრენდის სასტუმრო 2019 წელს თბილისშიც გაიხსნება: შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა“ და კომპანია „გრანატს“ შორის უკვე გაფორმებულია.

„შერატონ მეტეხი პალასი“

ერთ-ერთი პირველი ბრენდული სასტუმრო, რომელიც საქართველოში აშენდა, „შერატონ მეტეხი პალასი“ გახლდათ. ეს იყო პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კავკასიაში. ამჟამად სასტუმროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ამბობენ, განახლებული „შერატონი“ ადრინდელზე უფრო კეთილმოწყობილი და კომფორტული იქნება და თავის სტუმრებს უმაღლესი დონის სერვისს შესთავაზებს. „შერატონის“ ბრენდის სასტუმრო ბათუმშიც მდებარეობს - ქალაქის შუაგულში, ბათუმის ბულვარის გვერდით და ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჰყავს.

„ჰოლიდეი ინი“

თბილისში მოქმედ საერთაშორისო საშუალო კლასის ბრენდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ჰოლიდეი ინი“. ამ სასტუმროების ქსელი ამერიკელმა კემონს უილსონმა შექმნა. თანდათან „ჰოლიდეი ინის“ ქსელი მთელ ამერიკაში, მერე კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. თბილისში ამ ქსელის სასტუმრო 26 მაისის მოედანზე მდებარეობს. ის მრავალსართულიან შენობაშია განთავსებული, აქვე ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კაზინო „აჭარა“, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს.

„ქორთიარდ მარიოტი“

თბილისში მოქმედ საერთაშორისო საშუალო კლასის ბრენდებს შორის აუცილებლად უნდა დავასახელოთ „ქორთიარდ მარიოტი“. 6-სართულიანი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. სასტუმრო 5-10 წუთის სავალზეა ისეთი ღირშესანიშნაობებიდან როგორიცაა: ქაშუეთის ეკლესია, სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის თეატრი, ოპერისა და ბალეტის თეატრი. სასტუმრო საშუალობიუჯეტიან ვიზიტორებზეა გათვლილი და სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

„ბესტ ვესტერნ“

ცნობილი ბრენდის - „ბესტ ვესტერნ ინტერნეშენალის“ სასტუმროებიც საშუალობიუჯეტიან მომხმარებელს ემსახურება. თბილისში „ბესტ ვესტერნი“ „ტიფლის ბიზნეს თაუერის“ ბოლო სართულებზე ფუნქციონირებს. 2017 წლის აპრილში ამ ქსელის სასტუმრო ქუთაისშიც გაიხსნა. ახალი სასტუმრო ქუთაისის სტუმრებს მიმდინარე წლის აპრილიდან მასპინძლობს. სასტუროს მშენებლობა „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ საპარტნიორო ფონდის დახმარებით განახორციელა. სასტუმრო თანამედროვე დიზაინის 45 ნომრისგან შედგება, საიდანაც 40 სტანდარტულია, ხოლო 5 - ლუქსის ტიპისა.

„რიქსოს ბორჯომი“

სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი“ ბორჯომის ცენტრიდან ორიოდე კილომეტრში, მესხეთის ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმრო სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე დიზაინის მოთხოვნებს. გარდა ჯანმრთელობის ცენტრის მომსახურებისა, სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს სპა მასაჟს, თურქულ აბანოს, საუნას, ფიტნესის ოთახს და „წყლის თაღს” ბუნებრივი მინერალური წყლით. სასტუმროს მომსახურება ცნობილი ბრენდის - „რიქსოსის“ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება.

ხათუნა ჩიგოგიძე