ჯეფ ბეზოსი ყველა დროის უმდიდრესი ადამიანია, მან ბილ გეითსის რეკორდი დაამხო

Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის მფლობელი გახდა.

ჯეფ ბეზოსი Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად 105,1 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალის მფლობელი გახდა, ხოლო კიდევ ერთი მთვლელის Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 104,4 მილიარდად შეფასდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ქონების აღნიშნული რაოდენობა აღემატება აქამდე ამ ტიტულის მფლობელი ბილ გეითსის მონაცემს.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსის ქონების მატება უპირველეს ყოვლისა განაპირობა მისმა 78,9-მა მილიონმა Amazon-ის აქციამ, რომელსაც ის ფლობს და რომლის ღირებულებამ ორშაბათს საფონდო ბირჟებზე 1,4%-ით მოიმატა, რამაც მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაზარდა.

Amazon-ის აქციებზე ფასი უკვე მიმდინარე წელს 8%-ით არის გაზრდილი, 2017 წელს კი ჯამში 56%-ით. გარდა „ამაზონისა“ ბეზოსი ასევე ფლობს პოპულარულ მედიას Washington Post-ს და კოსმოსში სამოგზაურო კერძო კომპანიას Blue Origin-ს.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსმა პირველად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული გასული წლის ივლისში მოიპოვა, რა დროსაც გაუსწრო ბილ გეითსს. ამის შემდეგ მან ეს მეორედ ოქტომბერში მოახერხა, ხოლო ნოემბერში პირველად გადალახა 100 მილიარდიანი ზღვარი.

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ქონება დღეისათვის Forbes-ის თანახმად 91,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო Bloomberg-ის დათვლებით 93,3 მილიარდს. მისი ქონება 100 მილიარდს პირველად 1999 წელს გასცდა. როგორც Bloomberg-ი წერს, რომ არა გეითსის ქველმოქმედება, მას დღეს ბეზოსზე მეტი ქონება ექნებოდა. თავის დროზე გეითსმა Microsoft-ის 700 მილიონიანი წილი გაყიდა, რომლის ღირებულებაც დღეს 61,8 მილიარდი იქნებოდა, ხოლო ქველმოქმედებაში 2,9 მილიარდი დოლარი სუფთა ფულის სახით გასცა. ეს ყოველივე კი ჯამში მის ქონებას 150 მილიარდ დოლარად აქცევდა.

კოკა კვირკველია