ტელევიზორი, რომელსაც გადაახვევთ და შეინახავთ

სამხრეთ კორეულმა კომპანია LG-იმ ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე CES 2018, რომელიც ლას-ვეგასში მიმდინარეობს, სრულიად ინოვაციური 65 ინჩიანი ეკრანი წარმოადგინა, რომელსაც ღილაკზე ერთი დაჭერით რულონის ქაღალდივით დაახვევთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ზომის ეკრანის კონვერტირება შესაძლებელია დახვევის გზით. თავად ტექნოლოგია კი სიახლე არ არის - ჯერ კიდევ გასულ წელს, ასევე LG-მ დახვევადი 18 ინჩიანი ეკრანი წარმოადგინა, რომლის მოთავსებაც ჩანთაში იყო შესაძლებელი.

ამჟამინდელი სიახლე წარმოადგენს 4k OLED ეკრანს, რომელიც გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ტელევიზორი. როცა ის იშლება, მყარი და ბრტყელია. მისი უკანა მხარე აღჭურვილია პატარა ვერტიკალური ნაწილაკებით, რომელიც ეკრანის დახვევის საშუალებას იძლევა. ასევე შესაძლებელია მისი ნაწილობრივ დახვევა და მხოლოდ ნაწილის ეკრანად დატოვება.

როგორც ცნობილია კომპანია LG Electronics Corp-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ეკრანების წარმოებაა. ის საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა კომპანიებს ამარაგებს. ჯერ ალბათ ნაადრევია იმაზე ფიქრი, თუ რამდენად მალე გამოჩნდება აღნიშნული ტიპის ეკრანით აღჭურვილი ტელევიზორები მაღაზიების დახლებზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე ასევე უცნობია ისიც, რა ფასი ექნება მას.

კოკა კვირკველია