Boeing-მა Airbus-ს კიდევ ერთხელ აჯობა

გასულ წელს გაყიდული კომერციული დანიშნულების თვითმფრინავების რაოდენობით, ამერიკულმა ავიაგიგანტმა Boeing-მა, მის ევროპელ კონკურენტს, Airbus-ს კიდევ ერთხელ და ზედიზედ მეექვსედ აჯობა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ამერიკელებმა გასული წლის განმავლობაში 763 თვითმფრინავის რეალიზება მოახერხეს, რაც მათ 2015 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ერთით აღემატება. რაც შეეხება Airbus-ს, მას კონკრეტული ციფრი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის 700-ის ფარგლებშია. ევროპელებს კი მოუხდათ ჯერ კიდევ ოქტომბერში დაგეგმილი 720 ერთეულის გაყიდვის შესახებ განაცხადის უკან წაღება, ძრავების მიმწოდებელი კომპანიისგან Pratt & Whitney-სგან მიწოდების შეფერხების გამო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბოინგმა“ 2017 წელს 912 შეკვეთა მიიღო. გაყიდული თვითმფრინავების აბსოლუტური უმეტესობა კი მის პოპულარულ მოდელზე „737“-ზე მოდის, რომლის 745 ერთეული გაიყიდა. ხოლო მის მეორე კომერციული დანიშნულების მოდელზე - „747“-ზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, რადგან ამერიკული და მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიები არჩევანს მეტად ეკონომიურ თვითმფრინავებზე აკეთებენ.

კოკა კვირკველია