"ბიტკოინი არ არის რაციონალური ვალუტა"

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიტკოინის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"შესავალში შეგახსენებთ ფულის განმარტებას: „ფული არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ერთდროულად (simultaneously) შეუძლია ღირებულების საზომის, გადახდის, გაცვლის და დაგროვების ფუნქციების შესრულება.“

ამ განმარტებაში ყველაზე მთავარია სიტყვა ერთდროული (simultaneous) და არა ფუნქციების მექანიკური ჩამონათვალი.

ფულს, როგორც ეროვნულ ვალუტას, გააჩნია ერთდროულად (simultaneously) გამოყენების ოთხი ალტერნატივა, რითაც ის განსხვავდება ყველა სხვა ფინანსური აქტივისგან.

ბიტკოინი არ წარმოადგენს არც უცხოურ ვალუტას, არამედ ბიტკოინი არის მაქსიმუმ ციფრული (digital) ვალუტა, რომლის გამომუშავებაში წარმოების ფაქტორის როლს ასრულებს მხოლოდ ციფრული ინფორმაცია.

ე.ი. ეკონომისტის ენაზე, ბიტკოინის წარმოების ფუნქციაში ცვლადების სახით ვერ გამოვიყენებთ ვერცერთ რაოდენობრივ წარმოების ფაქტორს - ვერც კაპიტალს, ვერც სამუშაო ძალას და ვერც ბუნებრივ რესურსს, არამედ მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

ბიტკოინი შეიძლება განხილულ იქნეს ფინანსურ ინსტრუმენტად, მაგრამ ის სუვერენული ფული ვერასოდეს გახდება.

ბიტკოინის უკან არ დგას არცერთი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ მის უკან სავსებით შესაძლებელია, რომ იდგეს საერთაშორისო მაფიოზური სინდიკატი, რომლისთვისაც ციფრული ვალუტა ხელუხლებელ პლატფორმას წარმოადგენს ფულის გათეთრების და გადასახადების გადამალვის მიზნით.

ბიტკოინის აღწერა ბლუმბერგის ტერმინალში:

Crypto currencies are decentralized, math-based digital assets in which transactions can be performed cryptographically without the need for a central issuing authority. The first specification and proof of concept of Bitcoin, the first widely used crypto currency, was published in 2009 based on a paper published pseudonymously by Satoshi Nakamoto.

სინამდვილეში არავინ იცის, ვინ არის პიროვნება სატოში ნაკამოტო, არ არსებობს არავითარი ინფორმაცია მისი კომპანიის და ამ 2009 წლიდან მოქმედი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსის აღმაფრენა, რომლის ღირებულება აშშ-ს სუვერენულ ვალუტაში დოლარში იზომება, განაპირობა ჩიკაგოს ბირჟაზე ბიტკოინის ფორვარდული კონტრაქტებით ვაჭრობის დაშვებამ. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მოელოდნენ, რომ ბიტკოინის კომპანიის ფინანსური მონაცემები გახდებოდა საჯარო, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. ამიტომაც ბიტკოინის კურსი ახლა მოდის უკან.

დღეს ბიტკოინის კომპანია დგას არჩევანის წინაშე: ან მის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია გახდება სრულად საჯარო, რათა ბიტკოინმა რიგითი ფინანსური აქტივის სტატუსი მიიღოს, ან ბიტკოინის ღირებულება განულდება.

ბიტკოინის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის ფონზე ვთხოვთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და სტუდენტებს, ნუ აყვებიან „სწრაფი მოგების ცდუნებას,“ რომელთაც სხვა ყველაფერთან ერთად ხელს უწყობენ და ავრცელებენ თვითმარქვია და უვიცი ექსპერტები," - წერს იაკობაშვილი.