ევროზონის ეკონომიკა 2017 წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკაზე მეტად გაიზარდა.
ევროკავშირში ზრდამ 2,4% შეადგინა, ამერიკაში კი 2,3%. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა მცირეა, ის ბოლო დეკადის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისთვის, ხოლო უმუშევრობის დონემ ბოლო 9 წლიან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
Capital Economics-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები, ოფიცალურ მონაცემებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. მასში წერია, რომ ევროზონის ეკონომიკური ზრდა ამერიკის ეკონომიკის მსგავსად იზრდება, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებლები ორივე რეგიონს წინ აქვთ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
კვლევის თანახმად, ევროპის 19 ქვეყანაში, სადაც მიმოქცევაშია ევრო, ეკონომიკა ბოლო 17 წლის განმავლობაში მის უმაღლეს დონეზეა და ამაზე სხვა კვლევებიც მეტყველებს.
გამოქვეყნებულ მონაცემებში ცალკეა გამოყოფილი საფრანგეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო თვეების განმავლობაში, თუ ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებული რეფორმები რეალურად გატარდება. ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუძლია მის მთავარ კონკურენტ გერმანიას გადაუსწროს, რაც საფუძველს ჩაუყრის ფრანგულ ეკონომიკაში „ოქროს დეკადის“ დასაწყისს.
კვლევაში ასევე წერია, რომ მიუხედავად ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობისა, რეგიონში მოსახლეობა ეკონომიკურად თავს კარგად გრძნობს.
პოლიტიკურ არასტაბილურობაში კი უპირველეს ყოვლისა აღნიშნულია გერმანიაში მიმდინარე პროცესები, სადაც კანცლერი მერკელი ამ დრომდე ვერ ახერხებს კოალიციური მთავრობის ფორმირებას.
ესპანეთში ამ დრომდე ცდილობენ კატალონიაში მიმდინარე პროცესებიდან გამოსავლის ძიებას. თუმცა მიუხედავად ამისა, აქაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2001 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გაუტოლდა.
პოლიტკური მიმართულებით ვითარების გამწვავებას ელოდებიან ეკონომისტები იტალიაშიც, სადაც ამ გაზაფხულზე არჩევნებია დაგეგმილი და რეგიონის ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, საკუთარ გავლენას მოახდენს უკვე 2019 წელს „ბრექსიტის“ პროცესის საბოლოო დასრულება.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის თანახმად, ევროზონაში უმუშევრობა 2017 წელს 8,7%-ით შემცირდა, რაც ციფრებში 1,6 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე.
კოკა კვირკველია