აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

პირველ ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვაა საკმარისი - მაგალითად, ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის გარდა.

მეორე კატეგორიის ქვეყნებს შორის, სადაც, ვაშინგტონის შეფასებით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, მოხვდა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. „კრიმინალის დონისა და არეულობების“ გამო ამ კატეგორიაშია უკრაინაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მესამე ჯგუფის ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში გამგზავრების გეგმების გადახედვა სჯობს. რუსეთი ამ კატეგორიაში იმიტომ შეიყვანეს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე არსებობს, ხოლო ამერიკელები „ხშირად“ სხვადასხვა შევიწროების მსხვერპლები ხდებიან. ამავე ჯგუფში მოხვდნენ ვენესუელა, კუბა, ნიგერი, სუდანი, პაკისტანი, თურქეთი და სხვები.

სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხის გამო აშშ-ს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში არ გაემგზავრონ. ამ ქვეყნებს შორის არიან ავღანეთი, ირანი, ერაყი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი და სხვები.