ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს , რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ფულის რაოდენობრივი თეორია გვეუბნება, რომ ფულის მასა განსაზღვრავს ფასების დონეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მართებულია მხოლოდ გრძელვადიან და/ან ძალიან მაღალი ინფლაციის პერიოდში. დაბალი/ზომიერი ინფლაციის გარემოში, როგორიც საქართველოშია, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კორელაცია ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის სუსტია, რისი მიზეზიც ფინანსური სექტორის განვითარება და ფულზე მოთხოვნის მერყეობაა. ამას მრავალი კვლევა ადასტურებს, მათ შორის de Grauwe and Polan (2005), რომელიც 160 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ კავშირი ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის მხოლოდ მაღალი ინფლაციის პირობებში არსებობს და „დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნებში (სადაც წლიური ინფლაცია ბოლო 30 წლის მანძილზე საშუალოდ 10%-ზე დაბალია) კავშირი ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის სუსტია“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის ემპირიულმა კვლევამაც აჩვენა, რომ “დაბალი ინფლაციის კონტექსტში არ არსებობს კორელაცია სარეზერვო ფულის სამიზნე მაჩვენებლის ცვლილებისა და ინფლაციის გადახრას შორის. ეს თავისთავად აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის … სარეზერვო ფული მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შეფასების საიმედო ინდიკატორი … ინფლაციის დაბალმა დონემ, ხშირმა და ძლიერმა ეგზოგენურმა შოკებმა და ფულის მზარდად არასტაბილურმა მოთხოვნამ შეასუსტეს კავშირი ფულის მასასა და ფასებს შორის.“ (IMF, 2014). როგორც კანადის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა თქვა, „ჩვენ არ გვითქვამს უარი მონეტარულ აგრეგატებზე, მონეტარულმა აგრეგატებმა თქვეს უარი ჩვენზე“ (Bouey, 1982). მიშკინი (Mishkin, 1999) აღნიშნავს, რომ „მონეტარული აგრეგატებსა და ნომინალურ მშპ-სა და ინფლაციას შორის უფრო და უფრო არასანდო კავშირის ფონზე, მოძლიერდა მოსაზრება, რომ მონეტარული აგრეგატები აღარაა სასარგებლო ინსტრუმენტები მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად... ფულის მასასა და ინფლაციას შორის არასტაბილური კავშირის პრობლემა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემთხვევაშიც შეიმჩნევა“.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკაში ფულადი აგრეგატები ნაკლებად გამოიყენება მონეტარული პოლიტიკის ანალიზისას და ძირითადი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად „იაფად“ ან „ძვირად“ აფასებს ცენტრალური ბანკი მის მთავარ ვალდებულებას: ფულს. ეს კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძირითადად საპროცენტო განაკვეთებზე დაკვირვებას. დღევანდელ მსოფლიოში სწორედ საპროცენტო განაკვეთების მიხედვით ფასდება მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ინფლაციის თარგეთირების პირობებში. როგორც ბინდსაილმა (Bindseil 2004) აღნიშნა, „დღესდღეობით კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავს მონეტარული პოლიტიკის შესახებ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, აღარ მიმდინარეობს: ეს ნიშნავს მოკლევადიანი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დაწესებას“. საპროცენტო განაკვეთები საქართველოში კი სტაბილურია და ბოლო დროს არათუ მცირდება, არამედ იზრდება (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება).
რომ შევაჯამოთ, ფულის მასაზე (და მითუმეტეს ცალკე აღებულ რეფინანსირების სესხებზე, მთავრობის დეპოზიტებზე და ა.შ.) გამადიდებელი შუშით დაკვირვება, დაბალი ინფლაციის პირობებში (და, მითუმეტეს, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისას), შეცდომაში შეგვიყვანს და ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის შეფასებისას ყურადღება საპროცენტო განაკვეთებს უნდა მივაქციოთ. რამდენადმე მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფულის სხვადასხვა აგრეგატებსა და ინფლაციას შორის არ არსებობს." - წერს გვენეტაძე