ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) და გერმანიის ბუნების დაცვის კავშირმა, წამყვანი გერმანელი პოლიტიკოსებისგან მოითხოვეს, ბოლო მოუღონ პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ეკოლოგებმა გაუგზავნეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და რამდენიმე წამყვანი პარტიის ლიდერს, მათ შორის მარტინ შულცს.
როგორც გამოცემა Der Tagesspiegel წერს, ეკოლოგების აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წარმოადგენს კლიმატო-პოლიტიკურ ჩიხს, რომელიც საფრთხეს უქმნის ბალტიის ზღვის მყიფე ეკოსისტემას და ამავდროულად ანადგურებს ევროკავშირში არსებულ ნდობასა და სოლიდარობას.
წერილის ავტორებმა მოითხოვეს პოლიტიკოსებისგან არა მხოლოდ პროექტისგან დისტანცირება, არამედ ძალ-ღონის მიმართვა იმისთვის, რომ მოხდეს დამოუკიდებელი „კრიტიკული შემოწმება ამ რუსული გაზსადენის დამტკიცების პროცედურისა“. ამავდროულად, ისინი აპირებენ პროექტის დახურვას სასამართლოს გზითაც მიაღწიონ.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის ღირებულებაც 9,5 მილიარდი ევროა, ითვალისწინებს ორი მილის მშენებლობას რუსეთის ნაპირებიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. ახალი მილსადენის მშენებლობა იგეგმება უკვე არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გვერდით. გაზსადენის ჯამური მოცულობა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.
კოკა კვირკველია