ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის სახიფათო შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა. ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და განმარტავენ, რომ ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

ცნობისთვის, ბენზპირენი ონკოგენური ნივთიერებაა, რომელიც წარმოადგენს პოიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადს და რომელიც წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ზოგიერთ ორგანულ ნივთიერებაზე; შედის გამონაბოლქვ აირებში, შებოლილ საკვებ პროდუქტებში, თამბაქოს კვამლში და სხვ.