თბილისის ვიცე - მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიაში შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა და არც 2018 წელს გაიზრდება.
როგორც ხმალაძე აცხადებს, შრომის ანაზღაურება მერიაში 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ნაკლებია.
”შრომის ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს იყო. 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ”შრომის ანაზღაურების შესახებ” ახალი კანონი, რომლითაც სახელფასო რეფორმა განხორციელდა. თუ აქამდე მოხელეები ორი კატეგორიის ხელფასს იღებდნენ, ეს იყო თანამდებობრივი სარგო და დანამატი, ახლა მოხდა ამ ორი კომპონენტის გაერთიანება, რაოდენობაში ცვლილების გარეშე. იქნება თანამდებობრივი სარგო, სადაც ერთიანდება დანამატიც. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემა საერთოდ აიკრძალა და პრემიის ოდენობა ჩაიკეტა, წლიურად 5%-ის ოდენობით, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. ის პრაქტიკა, რომელიც აქამდე იყო, ყოველთვიურად დანამატის გაცემა, აღარ იქნება ", - განაცხადა ხმალაძემ.