თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას რამდენიმე მიმართულებით დასაბუთება ისევ აკლია. როგორც ბოლოთაშვილი აცხადებს, მერიას კითხვები აქვს ზონირების ცვლილების, ტრანსპორტისა და გზათა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით.
"ამ ეტაპზე არ ხდება გენგეგმის საბოლოო, მე-6 ეტაპის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის სრულყოფილი რამდენიმე საკითხის გამო. პირველი ეს არის ზონირების ნაწილი, რაც გენგეგმაში უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული ნებისმიერი ზონის ცვლილება, ან არსებული ზონის დატოვება. მოგეხსენებათ, ზონირება წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან მარეგლამენტირებელ ნაწილს, რაზეც არის დამოკიდებული კონკრეტული მიწის ნაკვეთების საშენებლოდ განვითარება. სწორედ ამიტომ არის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის. ასევე არის საკითხები ტრანსპორტთან და რკინიგზის გამჭოლ ხაზთან დაკავშირებით, ასევე, გზათა ქსელთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები. ასევე არის კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნა, რაც ეფექტიანობის შეფასებასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი საპროექტო გადაწყვეტა, მოცემული და დასაბუთებული უნდა იყოს გენერალურ გეგმაში. მნიშვნელოვანია რიგითობა და განხორციელების ეტაპები, რა დროს რა ეტაპზე რა საპროექტო გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს და რა შედეგის მომტანი იქნება ეს", - განაცხადა ბოლოთაშვილმა და დასძინა, რომ "სითი ინსტიტუტ საქართველოსგან" მერია ელოდება კონკრეტულ ვადას, რა ვადაში შეძლებენ ისინი დოკუმენტის სრულყოფას.
"ჩვენ ველოდებით შემხვედრ წინადადებას, ამ თემაზე უფრო მეტ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დოკუმენტი სრულყოფილად რომ ყოფილიყო, მოხდებოდა მიღება - ჩაბარების გაფორმება", - აღნიშნა ბოლოთაშვილმა. არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, თუ რა დამატებითი ხარჯი შეიძლება დასჭირდეს დოკუმენტის სრულყოფას.