მთავრობა ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებულ სახელმწიფო ფინანსურ ვალდებულებებს სწავლობს

გააჩნია თუ არა სახელმწიფოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლის მიმართ ფინანსური ვალდებულებები, ამას სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.

ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. ბრძანებაში მითითებულია, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

სამუშაო ჯგუფი 4 წევრისგან შედგება, მათ შორისაა მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, რომელიც ამავდროულად ჯგუფს უხელმძღვანელებს. ჯგუფში შედის მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო განკარგულება (N76), რომელიც პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.