უორენ ბაფეტი ციფრული ვალუტების კრახს წინასწარმეტყველებს

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტი ციფრული ვალუტების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ მათ პერსპექტივა არ აქვთ.

CNBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბიტკოინს და სხვა ციფრულ ვალუტებს ცუდი დასასრული ექნება.

საინვესტიციო კონგლომერატ „ბერკშირ ჰეტუეის“ შეფის თქმით, ამ ახალი ტიპის აქტივებით დაკავებას და თუნდაც ბაზარზე მოკლე პოზიციებით (გაყიდვა) შესვლას არ აპირებს. შესაბამისად, ბიზნესის ამ ახალ და ძალიან მერყევ სახეობას, სრული იგნორირებით ხვდება.

ბაფეტისგან ასეთი მიდგომა სრულებით არაა გასაკვირი, რადგან როგორც წესი, ის ისეთ აქტივებზე მუშაობს, რომლებსაც მყარი შინაგანი ფასეულობა გააჩნია. მილიარდერის მოსაზრებით კი, ბიტკოინი ისეთი აქტივია, რომელსაც რეალური ღირებულება არ აქვს. ბაფეტი ამბობს, რომ მისი კომპანია კვლავაც არავირტუალურ აქტივებზე და პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს.

ცნობისათვის, ბაფეტს ასეთივე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ეგრეთ წოდებული „დოტკომ“ კომპანიების მიმართაც, თუმცა მაინც გახდა „ეპლის“ და „აიბიემის“ ინვესტორი და ამით უზარმაზარი მოგებაც მიიღო.

ბაფეტის ასეთმა განცხადებამ, ციფრული ვალუტების ბაზრის კლება გამოიწვია. არადა, ის ისედაც მძიმე დღეში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, შესაბამისი სავაჭრო პლატფორმების შემოწმება განახორციელა და გამოაცხადა, რომ ბაზრის ამ ახალი ტიპის რეგულირებისთვის გზების ძიებას იწყებს. სამხრეთ კორეა ციფრული ვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში. ასეთი შევიწროვების გამო, წლის დასაწყისიდან, ციფრული ვალუტების მსოფლიო ბაზარი 6-8 პროცენტით არის შემცირებული.