ცუკერბერგმა ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა

„ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის“ თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი 192 მილიარდით გაიზარდა, ხოლო გასულ წელს ზრდამ მთელი 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, მათ შორის არის ერთი ცნობილი მილიარდერი, რომელმაც გუშინდელი განცხადების ფონზე ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა. ეს გახლავთ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის გადაწყვეტილებასაც, სრულიად შეცვალოს სოციალური ქსელის ე.წ. ნიუს-ფიდი, მილიარდერების რეიტინგში საპატიო მეოთხე ადგილის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც მან Zara-ს დამფუძნებელს, ამანსიო ორტეგას დაუთმო.

Bloomberg-ის მონაცემებით, მარკ ცუკერბერგის კაპიტალი ამ განცხადების შემდეგ 3,3 მილიარდით შემცირდა და ამ დროისთვის 74 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აპირებს სოციალური ქსელის ალგორითმი შეცვალოს და მომხმარებლებს უჩვენოს უფრო მეტი მეგობრის „პოსტი“, ვიდრე მედიისა და კერძო კომპანიების მიერ „დალინკული“ მასალა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელის „ნიუსფიდს“ უფრო ღირებულს გახდის. ინვესტორებმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსების შემცირებად აღიქვეს, შედეგად კი ცუკერბერგის კომპანიის აქციები ერთ დღეში 4,5%-ით გაუფასურდა.

კოკა კვირკველია