„ბიტფიური ჯგუფი“ ელექტროენერგიის ხარჯებს ასაჯაროებს.
BitFury Group-ს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე დატა ცენტრი აქვს, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებით, „ბიტფიური ჯგუფი“ სხვადასხვა პრივილეგიით ან შეღავათით სარგებლობს. კერძოდ, მათი თქმით, „ბიტფიური ჯგუფის“ ფუნქციონირებამ გაზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და მაშინ როცა თავად ჯგუფი ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში იღებს, გაძვირებულ ტარიფებს მოქალაქეები იხდიან. ამის პასუხად კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათი - კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ.
„ჩვენი საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ გვისარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის ვიხდიდით ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას („თელასის“ აბონენტის ამონაწერი, ანგარიშ-ფაქტურა, ცნობა მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის შესახებ და სხვა). აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მსგავსად ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, 2007 წლის 3 ივლისიდან (#5175) მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს.
აქვე მინდა გამოვეხმაურო დაინტერესებულ პოლიტიკოსებს „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიუხედავად მათ მიერ ჩვენი ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირადად მივაწოდო მათ უფრო მეტი ინფორმაცია, როგორც ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და ციფრული ვალუტების შესახებ, ასევე მათ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ამ ფონზე მსოფლიო გამოწვევების გათვალისწინებით” - აცხადებს Bitfury ჯგუფის წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი.
ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ხარჯებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის ნოემბერში, მათ მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 28,516,620 კვტ/სთ, ხოლო გადახდილმა თანხამ 3,514,388 ლარი შეადგინა, დეკემბერში კი ჯგუფმა 27,017,100 კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, რომლის ღირებულებამაც 3,329,587 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, „ბიტფიური ჯგუფის“ ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე 2017 წელს 12.324 თეთრი, 2018 წლიდან კი 13.653 თეთრია.
როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში „მაინინგის“ პროცესი ვინმეს ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს და ზონის ფუნქციონირების პერიოდში სამმა სხვადასხვა ინვესტორმა კომპანიამ უკვე ააშენა მაინინგისათვის განკუთვნილი „დატაცენტრები“ (მარტივად შეიძლება ამის დანახვა ზონის გარედანაც კი) და დღეის მდგომარეობით მაინინგით არიან დაკავებულნი.
ჯგუფის განცხადებითვე, სამი წლის განმავლობაში მათ მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა 140 მილიონ ლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 180 კაცს აღემატება. ამასთა, დასაქმებულთა 100% ადგილობრივია და საშუალო ხელფასი 2500 ლარზე მეტს შეადგენს. ხოლო მათი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში ირიცხება.
ამასთან, „ბიტფიური ჯგუფის“ განცხადებით, დღეის მდგომარეობით „საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან“ არც საქმიანი და არც პარტნიორული ურთიერთობა არ აქვს.
„მათგან აღებული სესხით ვსარგებლობდით 2014 წელს,რაც შემდგომში (2015 წელს) ჩანაცვლდა სს „საქართველოს ბანკის“ სესხით, რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ. ამასთან აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს „ბიტფური ჯგუფში“ წილობრივი მონაწილეობა არ გააჩნია,“-აღნიშნავენ კომპანიაში.