ბოლო დროს სულ უფრო ხშირად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, შემოთავაზებას, მარტივად იშოვოთ ფული კრიპტოვალუტაში კაპიტალდაბანდებით.
ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, რიპლი - მსოფლიოში უკვე ათასზე მეტი სახეობის ვირტუალური ფული არსებობს და ჩანს, კიდევ ბევრი შეიქმნება. რამდენიმე თვის წინ ქართული კრიპტოვალუტა "ოქროს საწმისი" შეიქმნა. ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს, რომ ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, მისი რეგულირების სფეროში არ შედის და შედეგებზეც, რაც შესაძლოა კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას მოჰყვეს, პასუხისმგებლობას იხსნის.
რა არის ელექტრონული ფული? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტები ფულის განვითარების თანამედროვე ეტაპია. თუმცა არსებობს რისკი, მისი გამოყენებით მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის თუ არალეგალური პროდუქციით ვაჭრობის დაფინანსება გაიზარდოს.
გივი ადეიშვილი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი: "ეს მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აქტივია, რომელმაც გარკვეულწილად უნდა შეასრულოს ფულის სასაქონლო ფუნქცია. აქამდე თუ ფული იბეჭდებოდა, კრიპტოვალუტას გამოიმუშავებენ სპეციალური კომპიუტერული ტექნოლოგიით. დღეს დათქმულია, რომ ზოგიერთი ციფრული ვალუტა შეზღუდული ოდენობით გამომუშავდეს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს პირობა არ დაირღვევა...
ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტები არ არის მიღებული როგორც გადახდის, გაცვლის საშუალება, მეტიც, ზოგ ქვეყანაში კრიმინალიზებულიც კი არის. კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ცენტრალური ბანკების მიერ და არც არაფრით არის გამყარებული. მაგალითად, ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარებული იყო ჯერ ოქროთი, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო რეზერვებით. კრიპტოვალუტის შემქმნელები არიან კერძო პირები და არა სახელმწიფოები და ცენტრალური ბანკები. თუ მათი ფასი ნული გახდება, არავინ იქნება პასუხისმგებელი მათ წინაშე, ვინც თავის დროზე ვირტუალური ფული შეიძინა. მან შეიძლება სწრაფად დაკარგოს ღირებულება, რადგან ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდება, ის კი მკვეთრად იცვლება დროის მოკლე მონაკვეთებში. ამ სექტორს ახასიათებს მაღალი არასტაბილურობა. თუმცა ბოლო ერთ წელიწადში ფასებმა ზოგ კრიპტოვალუტაზე 10-15-ჯერ მოიმატა და გაიზარდა სექტორის პოპულარობაც, მათ შორის საქართველოში.
კრიპტოვალუტაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ ორი მიმართულება - ვაჭრობა და მოპოვება (მაინინგი). კრიპტოვალუტების მოპოვება საქართველოშიც ხდება. ამ ბაზრის სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ BitFury ჯგუფი ფლობს დატა-ცენტრს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი საქმიანობაა ე. წ. მაინინგი, ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება, აგრეთვე, სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ-სერვისის მიწოდება (მაგალითად, მონაცემთა ბაზის შენახვა).
არსებობს ინფორმაცია, რომ 2016 წლისთვის BitFury-ზე მოდიოდა მსოფლიოში არსებული ყველა ბიტკოინის 15%. გარდა ამისა, საქართველოში ელექტრონულ ფულს სხვა კერძო სუბიექტებიც მოიპოვებენ. სფერო იმდენად არაგამჭვირვალეა, ისიც არ ვიცით, რამდენი თანხა გავიდა ან შემოვიდა საქართველოში კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვით თუ მათი გამომუშავებით".
ლაშა პატარაია, "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის" დირექტორი: "საქართველო რომ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბიტკოინის გამომუშავებით, ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ყველა ამაშია ჩართული. ცხადია, სწრაფი ფული მომხიბლავია ყველასთვის, ეს ერთგვარად აზარტულ თამაშებსაც ჰგავს, მაგრამ ამ კრიპტოვალუტების ფასის დაცემა-აწევა დროებითია - ახლა არის მათ მიმართ ინტერესი, შემდეგ ეს შეიცვლება და მათი ღირებულება აღარ გაიზრდება 2000-3000%-ით, არამედ 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანმა სწრაფი ფულის შოვნის ილუზიით შეიძლება შეიძინოს ე.წ. მაინერები, რაც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, და ინვესტიცია ჩადოს.
ვიცი, არაერთს ამისთვის კრედიტიც აუღია. საქართველოში, ფაქტობრივად, ასეთი მცირე საწარმოების ბუმია.
სწორედ ეს არის უარყოფითი ტენდენცია, რომ თანხას აბანდებენ ვაჭრობის საკითხების ცოდნის გარეშე, უბრალოდ, სწრაფი ფულის შოვნის მოტივით. მაინერი, რომელიც დღეს გაქვთ და განსაზღვრული პროცენტით უკუგებას გაძლევთ ბიტკოინში, ეთერიუმსა და სხვა კრიპტოვალუტაში, რამდენიმე თვეში შესაძლოა აღარ იყოს მომგებიანი, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება. რაც უფრო იმატებს ამა თუ იმ ელექტრონული ვალუტის მოპოვება, ეს პროცესი მით უფრო ძნელდება და სულ უფრო ძვირად ღირებული ტექნოლოგიების ყიდვა ხდება საჭირო ისეთივე შედეგისთვის, როგორიც დღეს აქვთ.
თუ მაინც გვაქვს აზარტული დამოკიდებულება სწრაფი ფულის შოვნისადმი, უკეთესი ალტერნატივაა ფულის დაბანდება ალტკოინებში. ეს არის სხვადასხვა კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულება დღეს ნომინალურია. თუმცა რისკები აქაც არის. ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ ხდება ბირჟებზე ხელოვნური ჩარევა, რათა მოგება ნახონ კონკრეტულმა ინვესტორებმა. თუმცა, ვინაიდან ნაკლები ინვესტიციაა საჭირო, ეს სტრატეგია უფრო გამართლებულია.
ამასთან, ყველა, ვინც ჩართულია კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში, დგას რისკის წინაშე, რომ მათი აქტივები ჰაკერებმა მიიტაცონ. ამასთან, ეს არის სფერო, სადაც ანონიმურობის ძალიან მაღალი ხარისხია და ხშირად ამ ვალუტების გამყიდველები არ არიან ოფიციალური იურიდიული პირები. ეს ყველაფერი ბურუსით არის მოცული, რაც ართულებს ელექტრონულ ფულში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნების შესაძლებლობას. გარდა კიბერუსაფრთხოებისა, აქ ბევრად მნიშვნელოვანი რისკები გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. კრიმინალთან ბრძოლისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის ფინანსური ტრანზაქციების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩაკეტვა. სწორედ ამას ართულებს დღეს კრიპტოვალუტა.
თუ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰქონდა დაფინანსების კონკრეტული წყაროები და შესაძლებელი იყო ამ ფულის გაკონტროლება, დღეს მათ შეუძლიათ აირჩიონ კრიპტოვალუტა, რომელიც ანონიმურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა".
ბაფეტი ბიტკოინს არ ცნობს
ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი ციფრული ვალუტების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. მილიარდერის მოსაზრებით, ბიტკოინი არის აქტივი, რომელსაც რეალური ღირებულება არა აქვს. ბაფეტი ამბობს, რომ მისი კომპანია კვლავაც არავირტუალურ აქტივებზე მუშაობას განაგრძობს. თავის დროზე ბაფეტს ასეთივე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ე.წ. დოტკომ-კომპანიების მიმართაც, თუმცა მაინც გახდა "ეპლისა" და "აიბი-ემის" ინვესტორი და ამით უზარმაზარი მოგებაც ნახა. ბაფეტის განცხადებამ ციფრული ვალუტების ბაზრის კლება განაპირობა. ამასთან, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიტკოინის ბაზრის რეგულირებისთვის გზების ძიებას იწყებს. ეს ქვეყანა ციფრული ვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში.
"ფული" სახელმწიფოს გარეშე
არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი: "ბიტკოინის უკან არ დგას არც ერთი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ შესაძლებელია, იდგეს საერთაშორისო მაფიოზური სინდიკატი და ეს ფულის გათეთრების თუ გადასახადების გადამალვის მიზნით გამოიყენოს. 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსის აღმაფრენა განაპირობა ჩიკაგოს ბირჟაზე ბიტკოინით ვაჭრობის დაშვებამ. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მოელოდნენ, რომ ბიტკოინის მაინერი კომპანიის ფინანსური მონაცემები საჯარო გახდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. ამიტომაც ბიტკოინის კურსი მცირდება და ბიტკოინის კომპანია დგას არჩევანის წინაშე: ან მის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია გახდეს საჯარო, რათა რიგითი ფინანსური აქტივის სტატუსი მიიღოს, ან მისი ღირებულება განულდება".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"