სამხრეთ აფრიკაში H&M-ის მაღაზიებს არბევენ

გასულ კვირას კომპანია H&M-ის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ბრენდის მაღაზიებზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა შეტევა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება საბავშვო პულოვერის რეკლამას, რომელზეც აფროამერიკელ ბავშვს აცვია ზედატანი, სადაც დატანილია წარწერა „ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში“. აღნიშნული რეკლამა კომპანიის ბრიტანული მაღაზიის ვებგვერდზე იყო განთავსებული და კომპანიამ ის უკმაყოფილების საწყის ეტაპზევე მოხსნა საიტიდან. როგორც ჩანს, ეს ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი და ამჯერად უკვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსხვილ ქალაქებში, იოჰანესბურგსა და პრეტორიაში მოქმედ რამდენიმე მაღაზიაზე მოხდა შეტევა. თავდასხმების ორგანიზება მემარცხენე რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლებმა“ ითავა, რომელმაც ჩათვალა, რომ აღნიშნული რეკლამა რასიზმის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა.

შვედურმა კომპანიამ აღნიშნულის გამო ადრე ბოდიშიც მოიხადა და საქონელი მთლიანად ამოიღო გაყიდვებიდან, თუმცა როგორც ჩანს, პარტიისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ბოდიშის მოხდის დრო უკვე აღარ არის. ამას შედეგი უნდა მოჰყვეს“ - დაწერა "ტვიტერში" პარტიის პრეს-მდივანმა, მბუსენი ნძოლიმ და გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ იჭრებიან აქტივისტები H&M-ის მაღაზიებში. პარტიის დეპუტატის, ფლოიდ შივამბუს განცხადებით, ამ რასისტული აქტის შემდეგ კომპანიას არ უნდა მიეცეს მათ ქვეყანაში ოპერირების საშუალება.

ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ ამსხვრევდნენ აქციის მონაწილეები მაღაზიის ვიტრინებს და არბევდნენ მაღაზიებს. შედეგად, საქმეში პოლიცია ჩაერია და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში რეზინის ტყვიების გამოყენებაც მოუხდა.

აფრიკაში განვითარებულ მოვლენებამდე კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კომპანიის ნაწარმისადმი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ ადამიანები ერთმანეთს, ასევე კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვეს პოპულარულმა მომღერალმა The Weeknd-მა და რეპერმა G-Eazy-მ.

ამასთან, რეკლამაში გადაღებული ბავშვის დედამ განაცხადა, რომ არ თვლის აღნიშნულ ფოტოს რასისტულ გამოვლინებად და შეურაცხყოფად. მან მოუწოდა კრიტიკოსებს, შეწყვიტონ სკანდალის ხელოვნურად აგორება.

კოკა კვირკველია