"თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით კომპრომისზე ვერ წავალთ, დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი"

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომპრომისზე ვერ წავალთ, დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს დამატებით 45 დღე მიეცა იმისათვის, რომ ხარვეზები გაასწოროს, თუმცა მას დაკისრებული ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს.

"ჩვენ მივუთითეთ ჩვენს ხედვებზე, რომ დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი. ძირითადი პრობლემები იყო როგორც ტრანსპორტის კუთხით, ასევე ზონირების, ეფექტიანობის და ხეირიანობის კუთხით. დღეს გამოქვეყნდება დოკუმენტაცია. ჩვენ ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დაესახელებინათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დოკუმენტი მოიყვანონ შესაბამისობაში. მათ მოითხოვეს 45 დღიანი ვადა და ამაზე გაფორმდა ხელშეკრულება. ამ პერიოდში მათ უნდა მოგვაწოდონ სრულყოფილი დოკუმენტი. ნებისმიერ შემთხვევაში გენგეგმა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ვიმუშაოთ. ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ, გვინდა კომპრომისული დოკუმენტი და თუკი ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო გამოცდილების კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, იმედი გვაქვს და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ამ გეგმის მოდიფიცირება შეძლონ", - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება ჯარიმას, მერის მოადგილის თქმით, ჯგუფს ჯარიმის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ვინაიდან ჯარიმა მას დაკისრებული აქვთ იმისთვის, რაც ვერ შეასრულა.