მსოფლიოს უმსხვილესმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიებმა 2017 წელი შეაჯამეს და გაყიდვების საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნეს.
ე.წ. „დიდი სამეულის“ წევრებმა AUDI-მ, BMW-მ და Mercedes-Benz-მა ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დადეს, თუმცა მათ შორის გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ეს გახლავთ Mercedes-Benz-ი, რომელმაც გასული წლის მსგავსად 2017 წელსაც შეინარჩუნა ლიდერობა და 2,289,344 ავტომობილი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემში არ შედის კომპანიის კომერციული დანიშნულებისა და სხვა ტიპის ავტომობილები, მათ შორის ავტობუსები, მინივენები და სატვირთო მანქანები. უფრო მეტიც, მასში ასევე არ შესულა კომპანიის შვილობილი ბრენდის, „სმარტის“ გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც გასული წლის განმავლობაში 135,025 ავტომობილი გაყიდა და 6,5%-იანი კლება დააფიქსირა.
Mercedes-Benz-მა მის უახლოეს მდევარ BMW-ზე 200 ათასით მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც 2001 წლის შემდეგ არ მომხდარა. „ბავარიელებმა“ გასულ წელს 2,088,283 ავტომობილი გაყიდეს, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში საკუთარ თავს მსოფლიოს ნომერ პირველ პრემიუმ კლასის კომპანიას უწოდებენ, რადგან საკუთარი კომპანიის გაყიდვებს ასევე ამატებენ MINI-ს გაყიდვებს (371,881) რაც ჯამში კომპანია BMW Group Automotive-ის გაყიდვებს 2,463,526-მდე ზრდის და მცირედით აღემატება Mercedes-Benz-ისა და „სმარტის“ გაერთიანებულ გაყიდვებს 2,424,369. თუმცა ამ რბოლაში არის ერთი დიდი „მაგრამ“ - იმის გამო, რომ MINI არ არის პრემიუმ სეგმენტის ავტომობილი, ის არ შეიძლება ჩაითვალოს BMW-ს გაყიდვების აქტივში, ისევე როგორც „სმარტი“ Mercedes-Benz-ის გაყიდვებში.
შესაბამისად, 2017 წლის მსოფლიოს ნომერ პირველი პრემიუმ კლასის ბრენდი უდავოდ Mercedes-Benz-ია.
რაც შეეხება „დიდი სამეულის“ მესამე ბრენდს - AUDI-ის, მიუხედავად იმისა, რომ მანაც გასულ წელს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, გაიზარდა მისი ჩამორჩენა კონკურენტებთან. მაშინ როცა 2011-2013 წლებში კომპანიამ მოახერხა და Mercedes-Benz-ი დაამარცხა, ბოლო ორი წელია მისი ჩამორჩენა კონკურენტებთან შედარებით იზრდება. გასულ წელს AUDI-იმ 1,878,100 ავტომობილი გაყიდა და ის „დამსახურებულ“ მესამე ადგილზეა.
კოკა კვირკველია