არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნის, ომანის საგარეო უწყებამ გაეროს მიმართა, მოახდინოს მისი საზღვაო ტერიტორიის გაფართოება.
საქმე ეხება დამატებით 150 საზღვაო კილომეტრით ეკონომიკური ზონის გაფართოებას, რომელიც საშუალებას მიცემს ომანს ამ აკვატორიაში წამოიწყოს ნავთობის მოპოვება. ომანის ნავთობისა და გაზის მინისტრმა, მუჰამედ არ რუხმიმ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ გლობალური ენერგეტიკის ფორუმზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ დროისთვის საკუთარი ნაპირიდან ზღვაში 300 კმ-იან ეკონომიკურ ზონას ფლობს.
„ქვეყნებს აქვთ უფლება, მიმართონ აღნიშნული თხოვნით გაეროს, იმ შემთხვევაში, როცა მეზობელი ქვეყნის მხრიდან არ არსებობს პრეტენზია და წინააღმდეგობა. ჩვენს შემთხვევაში საუბარია არაბეთის ზღვის აკვატორიაზე და ჩვენი საზღვაო მეზობელი, ინდოეთი დიდი მანძილითაა დაშორებული ჩვენგან, შესაბამისად, მათ პრეტენზია ვერ ექნებათ. ამიტომ, ჩატარებული გეოლოგიური კვლევების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დაეწყო მოლაპარაკებები გაეროსთან ამ საკითხზე.“ - აცხადებს არ-რუხმი.
ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენით გაიზრდება ქვეყნის სანავთობო პოტენციალი. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ომანი ყოველდღიურად დაახლოებთ 970 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს. დღეისათვის ომანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზეა.
კოკა კვირკველია