როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ზაპოროჟეცი

ზაპოროჟიეს (უკრაინა) ქარხანამ ავტომობილების წარმოება 1960 წელს დაიწყო. მისი პირველი ავტომობილი, ციცქნა ზაზ-965 იყო, რომელიც პრაქტიკულად ერთი ერთში გადმოიტანეს „ფიატ 600-სგან“. თუმცა ეს აგებულებით სრულიად განსხვავებული ავტომობილი იყო. ოღონდ, სანამ ქარხნის მესვეურები არჩევანს გააკეთებდნენ, მისმა ინჟინრებმა რამდენიმე საინტერესო პროტოტიპი შეიმუშავეს, რომელთაგან ერთს, კონვეიერზე მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდა.

ეს იყო „ნამი A50 ბელკა“, რომელიც კონსტრუქციითაც და გარეგნობითაც, პირველი „ზაპიასგან“ ძლიერ განსხვავდებოდა. ის 1955 წელს შეიმუშავეს. პროექტის ავტორი, საბჭოეთში ცნობილი ავტო ინჟინერი იური დოლმატოვსკი იყო.

პროტოტიპ „ბელკას“ სიგრძე სულ რაღაც 3.3 მეტრია. მას ერთი კარი აქვს, რომელიც მანქანის ცხვირის ნაწილს მოიცავს. ასეთი კონსტრუქცია მანამდე იტალიურ „იზეტას“ მინი ავტომობილს ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით BMW-მ შეისყიდა. სხვათა შორის, ამ პატარა ავტომობილს ბავარიული კომპანიის გადამრჩენელადაც მოიხსენიებენ ხოლმე - იმ დროს BMW-ს ფინანსურად უჭირდა და მის შესყიდვას „დაიმლერი“ აპირებდა, მაგრამ „იზეტამ“ ბავარიელთა გაყიდვები გაზარდა და კომპანიის გაყიდვაც საჭირო აღარ გახდა.

„ბელკას“ ძრავა უკან იყო მოთავსებული. ის მოტოციკლ М-72-ის 0.75-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა, რომელიც სულ რაღაც 22 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მცირე გაბარიტების მიუხედავად, პროტოტიპს საკმაოდ ფართო სალონი ჰქონდა. თუმცა, საბარგული არ გააჩნდა.

საინტერესოა, რომ „ბელკას“ ძარა შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდა. მოგვიანებით, მის ბაზაზე სასოფლო ღია ვერსიაც შეიმუშავეს, რომელსაც არც ფანჯრები ჰქონდა და არც კარი.

ტესტების დროს, „ბელკას“ ბევრი ხარვეზი აღმოუჩინეს. მაგალითად, კარიდან სალონში წყალი შედიოდა. უკან განლაგებული ძრავა კი სათანადოდ ვერ გრილდებოდა და ხურდებოდა. მერე კი ქარხანამ არჩევანი „ფიატ 600-ის“ მსგავს სტილსა და დაახლოებით იმავე შეთანწყობაზე გააკეთა და პირველი „ზაპოროჟეციც“ იშვა.

იხილეთ ფოტოები