"ელიტ ელექტრონიქსი" საგადასახადო შემოწმების დეტალებს ავრცელებს

2013 წლის ბოლოს, შემოსავლების სამსახურმა "ელიტ ელექტრონიქსის" გეგმიური შემოწმება მოახდინა, რის შემდეგაც კომპანიას 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე, გადასახადების და საურავის სახით 6.2 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

"ელიტ ელექტრონიქსმა" დარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაკისრებული ჯარიმა 3.7 მლნ ლარამდე შემცირდა.

ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ შემოსავლების სამსახურს დამატებითი ფინანსური დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელთა განხილვის შემდეგ შესაძლებელი იქნება გადასახდელი თანხის თავიდან დაანგარიშება და შემცირება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მოვლენებს ზეგავლენა არ ჰქონია კომპანიის მუშაობაზე და მის ფინანსურ სტაბილურობაზე. "2013 წლის განმავლობაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით 25%-ით, ხოლო მომგებიანობის კოეფიციენტი კიდევ უფრო მეტად, 50%-ით გაიზარდა. 2014 წელს გაყიდვების ფაქტიურმა ზრდამ უკვე მიაღწია 40%-ს წინა წელთან მიმართებაში. ამავდროულად, კომპანია აგრძელებს განვითარებას და მიმდინარე წელს გეგმავს საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიების განახლებას და ბაზარზე ახალი კონცეფციის მომსახურების დანერგვას. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო პირობა ტექნიკის შეძენისას, რაც გულისხმობს ბავშვთა გასართობი კუთხისა და კაფეტერიის შეთავაზებას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.