ევრომ ახალი კვირა ზრდით დაიწყო და დოლართან წყვილში ბოლო სამი წლის მაქსიმუმი განაახლა.
ამგვარად, გაგრძელდა ის აღმავალი სვლა, რომელიც ევროპულმა ვალუტამ წინა კვირაში დაიწყო. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები ევროპის ცენტრალური ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყებას ელიან. დოლარი კი ისედაც სუსტდება და მისი ინდექსი ახალ მინიმუმს აფიქსირებს.
დოლარის დასუსტების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მისი ინდექსის განმსაზღვრელ ვალუტებზე, მალე საპროცენტო განაკვეთების ზრდაა მოსალოდნელი, რაც მათ კურსებზე დადბითად აისახება. საერთო ჯამში, დღეს დოლარის ინდექსმა 0.2 პროცენტით დაიკლო და 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოქვეითდა.
ევროს ზრდას, ევროზონის ეკონომიკის მდგრადი განვითარება განაპირობებს. ამის გამო, ინვესტორები საერთო-ევროპული ვალუტისადმი მეტ ნდობას და ინტერესს იჩენენ. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმ ინვესტორთა რიცხვი, რომლებიც დოლართან წყვილში, უპირატესობას ევროს ანიჭებენ. სხვა ვალუტების კალათასთან მიმართებით, ევროპული ვალუტა 2014 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელზეა.
„მომავალ თვეებში ჩვენ ევროს მიმართ ხარისებრი (ყიდვა) განწყობა გვაქვს, რადგან ვთვლით, რომ ევროზონაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, იტალიაში მარტის არჩევნების შემდეგ, უფრო მყარ საფუძველზე დადგება“, - ნათქვამია „კრედიტ აგრიკოლის“ განცხადებაში. გარდა ამისა, ფრანგულ ბანკში დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცას გააგრძელებს.
გასული კვირის ბოლოს ევროს გამყარების დაწყებას ხელი ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) განცხადებამ შეუწყო, სადაც მინიშნებულია, რომ შესაძლებელია ევროზონის სტიმულირების პროგრამის შეკვეცის განხილვა წლის პირველივე სხდომაზე. ამან ინვესტორებს მიანიშნა, რომ ევროზონის ეკონომიკა, აღნიშნული პროგრამის შეკვეცის რეალურ საფუძველს იძლევა.
მაგრამ იმავდროულად, არსებობს მოსაზრება, რომ ევროს სწრაფი გამყარება, თავად ECB-ს სიფრთხილეს გამოიწვევს. კერძოდ, მყარი ევრო ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ექსპორტზე მომუშავე ბიზნესი კი ევროზონის ეკონომიკის კეთილდღეობას განსაზღვრავს. სტიმულის შეკვეცა ევროს კიდევ უფრო გამყარებას გამოიწვევს, რაც ექსპორტისთვის სასურველი არ იქნება.
რაც შეეხება დოლარს, ის ევროს გარდა იაპონურ იენთან და ბრიტანულ სტერლინგთან წყვილებშიც თმობს პოზიციებს. იენთან წყვილში, ამერიკული ვალუტა აგვისტოს შემდეგ უდაბლეს ნიშნულზეა - 1 დოლარი ამჟამად 110.63-ის ფარგლებშია. იენის გამყარებას იაპონიის ბანკის განცხადება უწყობს ხელს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა.
მაგრამ იაპონიის ბანკის პრეზიდენტი, ჰარუჰიკო კუროდა ამბობს, რომ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა ახლანდელ დონეზე მანამ დარჩება, სანამ ინფლაციის დონე 2 პროცენტიან მიზნობრივ ზღვარს მიაღწევს და შემდგომში მის სიახლოვეს იქნება. ამჟამად იენის ინფლაციის მავენებელი 1%-ის დონეზეა.
დოლართან წყვილში, ჩინური იუანიც შესამჩნევად გამყარდა, რომელიც ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა. გერმანიის ბუნდესბანკის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ გერმანიის ცენტრალური ბანკი, თავის რეზერვებში ჩინურ იუანსაც შეიტანს.
მერაბ ლორთქიფანიძე