კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 19 მაისს გაიმართება

კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხმის დამთვლელ კომისიაში დღეიდან, 14 მაისის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე იოსებ ხარებავაა (ადმინისტარციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი - კახი ყურაშვილი (სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი), ხმის დამთვლელი კომისიის წევრი კი - თეა ყეშელაშვილი (სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, გადადგეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კომისიის წევრად დარჩეს.

ასევე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება, კომისიის სულ ცოტა, ორ წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აქვს. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 19 მაისს, 18:00 საათზე დაინიშნა.