„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იმისთვის არ შექმნილა, რომ ბიზნესთან გარიგებები აფორმოს“ , – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ“ და მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა და ამ თვალსაზრისით არხის მენჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
ქორიძის თქმით, შარშან საზოგადოებრივი არხის დაფინანსება 45 მლნ ლარს შეადგენდა, წელს არის 52 მლნ, მომავალ წელს თუ ქვეყანაში მინიმალური ეკონომიკური ზრდა იქნება, შესაძლოა, ეს თანხა 60 მლნ ლარამდეც გაიზარდოს. შესაბამისად, მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი დანიშნულებაა, ურთიერთობა სწორედ საზოგადოებასთან კონტაქტზე იყოს აგებული.
„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი გვეუბნება, რომ მე რომ თქვენ ფულს მაძლევთ, ეს ფული არ მყოფნის. უკაცრავად, მაგრამ ეს არის ქვეყნის მოცემულობა, ასეთი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს ქვეყანას და შენ გაძლევს 0,14%–ს. კი ბატონო, არ გყოფნის, მაშინ იმაზე ვიდავოთ 0,14% იყოს, თუ 0,15%, მაგრამ რადგანაც საზოგადოება 0,14%–ზე შეთანხმდა, პოლიტიკური კლასის ინიციატივით, მათ უყარეს კენჭი პარლამენტში, ეს უნდა იკმარო“, – აღნიშნა მედია ექსპერტმა.
მისივე თქმით, უფრო დაბალი რომ იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ის თანხა უნდა იკმაროს, რაც არის. „მაგრამ ეს თანხა იზრდება. ჩვენი საზოგადოება ორიენტირებულია განვითარებაზე. ყველას ინტერესია, რომ ქვეყანაში დოვლათი გაიზარდოს. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მაუწყებლის ბიუჯეტიც იზრდება. ამაზე კი არ ფიქრობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დღევანდელი მენეჯმენტი, არამედ ფიქრობს იმაზე, რომ მე კიდევ მინდა სხვა ფული. ეკითხებიან, რისთვის გინდა ეს ფული. დაუკვირდით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს რა განუმარტა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა. მათ დასკვნაში წერია ორი მოტივი. მას უნდა კიდევ დამატებით სხვა ფული. პირველი იმიტომ, რომ პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს რეკლამის დამკვეთებთან და რაში სჭირდება?! ვინ სთხოვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტს, შენ რეკლამის დამკვეთებთან შედი პირდაპირ კომუნიკაციაშიო?! რა მისი საქმეა ეს?! ამისთვის არის ის არჩეული?! მე მგონი - არა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამისთვის არ შექმნილა, რომ ბიზნესთან გარიგებები აფორმოს. ეს ერთი, და მეორე, უფრო საინტერესო მოსაზრება ჩაწერა მენეჯმენტმა: იმიტომ უნდა დამატებით სარეკლამო შემოსავალი, რომ თანამშრომლებს გაუზარდოს ხელფასები. კი ბატონო, თუ ხელფასის გაზრდას სთავაზობს მენეჯმენტი, ამისთვის მას აქვს 52 მლნ ლარზე მეტი თანხა. განკარგოს ისე, რომ თანამშრომლებმა მეტ-ნაკლებად მისაღები ხელფასი მიიღონ და მათი კეთილდღეობა იყოს მეტ-ნაკლებად გარანტირებული. არა ის, რომ კიდევ დამატებით რეკლამა მინდა“, – განაცხადა ქორიძემ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, მაუწყებელზე ჟურნალისტის მოტივაცია ხდება ის, რომ კარგი სარეკლამო გადაცემები გააკეთოს, რითაც ხელფასი გაეზრდება, მეტი სპონსორი ეყოლება არხს, ამით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი ინგრევა. „საქართველო მყიფე დემოკრატიის ქვეყანაა და ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ზღვარი მკვეთრად გამიჯნული არ არის. ბიზნესის გავლენა თუ იზრდება მედიაზე, ეს ირიბად პოლიტიკის გავლენას ზრდის მედიაზე და ჩვენ ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობაზე არ ვსაუბრობთ“, – დასძინა მედია ექსპერტმა.