2017 წელი ტურისტული ინდუსტრიისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა

2017 წელს მსოფლიო მასშტაბით ტურისტების რაოდენობამ 1,322 მილიარდი შეადგინა.

გაეროში მოქმედი მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის, UNWTO-ს ინფორმაციით, ეს გახლავთ საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. 2016 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა ჯამურად 7%-ით გაიზარდა. „ყველაზე მეტი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში და აფრიკაში. მთლიანად ევროპაში 2017 წელს 671 მილიონი ადამიანი ჩავიდა, ხოლო აფრიკაში ამ რეგიონისთვის რეკორდული 62 მილიონი ტურისტი“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გაზრდილია ასევე ტურისტული ნაკადი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 6%-ით 324 მილიონამდე, ახლო აღმოსავლეთში 5%-ით - 58 მილიონამდე, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 3%-ით - 207 მილიონამდე.

„ტურისტული ნაკადის ზრდა 2017 წელს დაკავშირებულია მსოფლიოს გლობალური ეკონომიკის ზრდასთან, ასევე მრავალწლიანი კლების შემდეგ მოთხოვნის აღდგენით ისეთ ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბრაზილია და რუსეთი“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

UNWTO-ს მონაცემებით, 2018 წელს ზრდის ტემპი შენარჩუნდება და გლობალურად ტურიზმი 4-5%-ით გაიზრდება.

კოკა კვირკველია