Amazon-იდან შეძენა Twitter-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი

ონლაინ ჰიპერმარკეტმა Amazon-მა და მიკრობლოგმა Twitter-მა ახალი ფუნქცია წარმოადგინეს.

ამიერიდან Amazon-ზე არსებული პროდუქციის ყიდვა Twitter-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელმა Amazon-თან მიკრობლოგის პროფილის სინქრონიზება უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ჰეშთაგი  - #amazoncart.

კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებაში აღნიშნული ჰეშთაგის გამოყენების შემთხვევაში, მოხდება ნივთის Amazon-ის კალათში ჩაგდება. თეორიაში ეს მომსახურება მომხმარებელს არ მისცემს საშუალებას, დაავიწყდეს საჭირო ნივთის ყიდვა. მაგრამ გაუგებარია, დგას თუ არა ეს პრობლემა სინამდვილეში.

სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ეს სიახლე უსარგებლო რამ არის. მიუხედავად ამისა, თავად ის ფაქტი, რომ ტვიტერზე ფუნქციების გაფართოება ხდება, ახალი მარკეტინგული ინსტრუმენტების შესაქმნელად  კარგი საბაბია.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ი ამ პარტნიორობისგან არანაირ ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს, თუმცა ამან შესაძლოა კომპანიას უბიძგოს, რომ თავისი პროდუქტი განავითაროს.