უძრავი ქონების განცხადებების საიტი saqme.ge და აიტი (IT) კომპანია Lemondo ბიზნესპარტნიორები გახდნენ.
თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიები სწრაფ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და მომხმარებლებს სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ.
Lemondo-ს გენერალური დირექტორის, ლევან კილაძის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად saqme.ge-ს უკვე შეემატა ბევრი ინოვაციური ფუნქცია. მათ შორის: განთავსებული განცხადებების დეტალური სტატისტიკა, დამატებითი პარამეტრებით განცხადების ძიება, განცხადებების დახარისხება არამარტო უბნების, არამედ ქუჩების მიხედვითაც, ე.წ. Smart Agent, რომელიც მყისიერად შეგატყობინებთ სასურველი კრიტერიუმებით დამატებული განცხადების შესახებ, განცხადების ღირებულების ავტომატური კონვერტაცია სხვადასხვა ვალუტაში ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, საინტერესო განცხადებების ჩანიშვნა/დახარისხება და ა.შ..
„saqme.ge-ს მომხმარებლის თვალით შევხედეთ და დავფიქრდით, თუ რა სჭირდებოდა უძრავი ქონების გამყიდველს ან მის მაძებარს. შედეგად შევქმენით ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს. სავარაუდოდ, მსგავს შეთავაზებებს, მომავალში კონკურენტებიც დანერგავენ, თუმცა, ეს პოზიტიური პროცესია, რადგან შედეგად საბოლოო ჯამში ბაზარი დაიხვეწება,” - აღნიშნავს კილაძე.
მანვე პარტნიორობის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”პალიტრა მედია ჯგუფისგან” უამრავი საინტერესო ინიციატივა მოდის, რომელთა განხორციელებაც Lemondo-სთვის მნიშვნელოვანია.
”პარტნიორობის ფარგლებში Lemondo-ს პროდუქტის ტექნიკურ მხარეზე მუშაობა ეკისრება. ”პალიტრა მედია ჯგუფი” კი უშუალოდ ბიზნესის განვითარებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე ზრუნავს. შედეგად მივიღეთ განახლებული Saqme.ge, რომელიც დღეს საქართველოში ბაზრის უპირობო ლიდერია,” - განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, Lemondo ერთ-ერთი პირველი ქართული მობილური თამაშების და აპლიკაციების დეველოპერი და გამომცემელი კომპანიაა. დაარსებიდან ცოტა ხანში კომპანია გახდა Apple-ის, Google-ისა და Windows-ის კონტრაქტორი. რაც შეეხება, saqme.ge-ს, ის 2012 წელს დაარსდა და უძრავი ქონების განცხადებების ყველაზე დიდი პორტალია საქართველოში.