ქვეყანაში პური უსაფუძვლოდ ძვირდება. გაუმართლებელია მოსაზრება, რომ პროდუქტზე ფასის ზრდა კომუნალური გადასახადების ზრდამ ან ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთიც და მეორეც პურის ფასზე ვერ აისახებოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ არცერთ მათგანზე ფასი არ შეცვლილა. როგორც ჩანს, მეპურეები ქვეყანაში არსებული ვითარებით სარგებლობას აპირებენ.
დენისა და წყლის ტარიფების ზრდა კომერციულ სექტორს, პრაქტიკულად, არ შეხებია. პურპროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულზე ფასი უცვლელია. 2,5 წელიწადია, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი არ გაძვირებულა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო ცვლილებას 2017 წლის ივლისში, რომელიც მალევე დარეგულირდა. შესაბამისად, საქართველოში არც ფქვილის ფასი შეცვლილა.
ამ დროს უარგუმენტოდ მიდის საუბარი იმაზე, რომ პური შეიძლება, გაძვირდეს. მართალია, ქვეყანაში ინფლაციაა, მაგრამ ნედლეული და გადასახადები პურის საცხობებისთვის არ გაძვირებულა, ამიტომ ფასზე გავლენას ვერაფერი მოახდენდა.
ცნობილია, რომ ახალი წლიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ზოგიერთმა საცხობმა პურზე ფასი 5-10 თეთრით უკვე გაზარდა. ამ დროს მწარმოებელთა უმრავლესობა "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ პურის გაძვირების განმაპირობებელი მიზეზი არათუ მიმდინარე პერიოდში, არამედ უახლოეს პერსპექტივაშიც რეალურად არ არის.
დღესდღეობით წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს ფქვილს 35-36 ლარად აწვდიან. 2 წელია, ეს ფასი უცვლელია და როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა განმარტავს, უახლოეს პერიოდში ეს ნიშნული არ შეიცვლება. იგი პურის გაძვირების მიზეზად ნედლეულის ფაქტორს გადაჭარბებულად მიიჩნევს.
"წისქვილკომბინატები, რა თქმა უნდა, მოიხმარენ წყალსა და დენს. თავისთავად ეს აისახება კალკულაციაზე, სადაც ელექტროენერგიის წილი დრამატული არ არის. შეიძლება 1 ტომარა გადასახადმა 50 თეთრით გააძვიროს, რაც არ არის პრობლემა. შესაბამისად, ეს არ არის მიზეზი, რომ შეიძლება პროდუქტის ფასის ირგვლივ პრობლემა შექმნას.
ხორბლიდან ფქვილის გადამუშავებაში წისქვილკომბინატებისთვის ყველაზე დიდი საშიშროება ვალუტის კურსის მერყეობაა, რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული. დღესდღეობით კურსი სტაბილურია და მსოფლიოში მოსავალიც დიდია, მარაგი არის საქართველოშიც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში კურსის ცვლილება ფასზე გავლენას არ მოახდენს.
რაც შეეხება საცხობებს, თონეები უშუალოდ წისქვილკომბინატებიდან არ მარაგდებიან. ისინი ფქვილს ყიდულობენ დისტრიბუტორისგან, ანუ მეორე-მესამე "ხელისგან", რაც მუდმივად არის 3-5 ლარით უფრო მეტი, ვიდრე წიქსვილკომბინატები ყიდიან. თუმცა, ეს სეგმენტი ამინდს არ ქმნის. მოსახლეობა მასობრივად ქარხნული პურის მომხმარებელია.
არსებობს კიდევ მეორე სეგმენტი, გერმანული, ავსტრიული და სხვა უცხოური წარმოების საწარმოები, სადაც ფასი ფქვილიდან გამომდინარე გააძვირეს. მათ თვითონ შემოაქვთ პროდუქტი, თუმცა მიწოდება ამ სეგმენტშიც ისეთია, როგორიც ადრე იყო. არც ამ მიმართულებით შეცვლილა ვითარება ბოლო პერიოდში. თამამად შემიძლია თქმა, რომ ფქვილის ფასს პურის გაძვირება არ გამოუწვევია, თუ ვინმე ასე ამბობს, ეს არის ტყუილი", - აცხადებს ლევან სილაგავა.
დიდი მწარმოებლები, რომლებიც ყოველდღიურად ამარაგებენ მოსახლეობას, აღნიშნავენ კიდეც, რომ ფასი არ შეუცვლიათ და არც სამომავლოდ აპირებენ. კომპანია "იფქლის" დირექტორი ბაქარ ბაკურაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პურის გაძვირების აუცილებლობას ჯერჯერობით არ ხედავს.
"უახლოეს მომავალში საფასო პოლიტიკის გადახედვას არ ვგეგმავთ. ფქვილის ფასში ამ ეტაპზე არ არის ისეთი ნამატი, რომ პური გავაძვიროთ. სხვა ქარხნებში რა მარჟაზე მუშაობენ, არ ვიცი და ვერც სხვა მწარმოებლების გადაწყვეტილებას შევაფასებ. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ არსებული ფასი მიმდინარე პერიოდში და სამომავლოდაც შევინარჩუნოთ", - აცხადებს ბაკურაძე.
პურის გაძვირებას არ გეგმავს, თუმცა მწარმოებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არგუმენტირებულად მიიჩნევს პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე. "რეზონანსთან" საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება ტარიფიდან გამომდინარე ხდება და ასეც იყო მოსალოდნელი.
"ის საცხობები, რომლებიც პროდუქციას მასობრივად აწარმოებენ, ძირითადად, 80-90 თეთრიან პურს აწვდიან ბაზარს. ზოგიერთი 40-50-თეთრიან პურსაც ყიდის. მართალია, ის მოცულობაში ნაკლებია, მაგრამ მისი დამზადება მაინც გაუჭირდათ. ფასის ზრდა მარტო ენერგომატარებლების გაძვირებას არ გამოუწვევია. ცოტათი გაძვირდა ნედლეულიც - მარილი, საფუარი და სხვა.
აყველას თავისი პრობლემა აქვს, ფასიც ზოგიერთ საცხობში ამიტომ შეიცვალა. საფუძველი ნამდვილად იყო. ჩვენთვის ელექტროენერგიის გადასახადი შეიცვლა. წისქვილკომბინატებმაც მტკივნეულად განიცადეს ეს ცვლილება. მესმის, რომ პურის გაძვირება მტკივნეული და არაპოპულარული მეთოდია, რადგან მომხმარებელი რთულად აღიქვამს, მაგრამ ვერც გამოსავალს ვხედავ.
თვის ბოლოს, როცა ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარს მივიღებთ, მეცოდინება, რამდენად მომიწევს ზომების მიღება. ჯერჯერობით ფასის შენარჩუნებას ვახერხებ, მაგრამ არსებულ პირობებში ეს ადვილი არ არის. მეწარმეს თუ პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან პროდუქტი წონაში შეამციროს", - აცხადებს დოლიძე.
როგორც პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ელექტროენერგიის გაძვირება ფქვილის ფასზე საბოლოოდ მხოლოდ მცირედით შეიძლება აისახოს და საბოლოოდ პროდუქტის ფასის მცირედი კორექტირება დასჭირდეთ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"