კომპანია „მაგთიმ“ ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაგთიკომმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით შეაჩერა.
„„მაგთის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, გაკეთებული განცხადების საფუძველზე კომისიამ სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამისად, გთხოვთ, მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის 1 მარტამდე) შეაჩეროთ,“-ნათქვამია კომისიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „მაგთი“ 18 იანვრიდან ტარიფების ცვლილებას გეგმავდა. კომპანიამ, ტარიფების ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებით, ინფლაციითა და დენის ტარიფის ცვლილებით ახსნა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი „პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე“.
კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნა, რომ ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.